LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მიხარია, რომ ლიკუნა გავიცანი და ჩვენი დუეტი შედგა” – ლიკუნა თუთისანი და საბა ჩაჩუა პრემიერით „არტ-FM“-ში

73
ლიკუნა-თუთისანი

8 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს  ლიკუნა თუთისანი, საბა ჩაჩუა, ნატალია თოთიბაძე და ჯოჯო აბშილავა სტუმრობდნენ ახალი სიმღერის პრემიერით.

– უამრავ კონკურსში მიგიღიათ მონაწილეობა. რამდენად დიდი გამოცდილება შეგძინათ ამგვარ პროექტებში მონაწილეობამ?

(ლიკუნა თუთისანი) რა თქმა უნდა, კონკურსებმა ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა და პრაქტიკულად გზა გაგვიკვალა. სწორედ ამგვარი კონკურსების დამსახურებაა ჩვენი დღევანდელი წარმატება.

(საბა ჩაჩუა) ვფიქრობ, კონკურსებმა პირველ რიგში ერთმანეთი მოგვცა. ძალიან მიხარია, რომ ლიკუნა გავიცანი და ჩვენი დუეტი შედგა.

– ლიკუნა, გასულ წელს ქართული „ვოისის“ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული გახდი. რა იგრძენი, როცა გაიგე, რომ ჩვენი რჩეული იყავი?

– ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა ძალიან გამიხარდა.

– როგორც ვიცი, სიმღერით თქვენი დებიუტი შედგა?

(ლიკუნა თუთისანი) გეთანხმებით, ამ სიმღერით მართლაც ჩვენი დებიუტი შედგა, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპოზიტორ ნატალია თოთიბაძეს და არანჟირების ოსტატს ჯოჯო აბშილავას.

(ნატალია თოთიბაძე) სიმღერას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად ლიკუნა ფანტასტიკურ ლექსებს წერს, ამიტომ ჯერ კიდევ „ვოისამდე“ გვინდოდა ერთობლივი პროექტის გაკეთება. მუსიკა დაწერილი მქონდა, თუმცა ფაილი კომპიუტერში დავკარგე და სრულიად შემთხვევით ვიპოვე სხვა, საყვირისთვის გაკეთებული მელოდია და სწორედ მასზე გადავწყვიტეთ ახალი სიმღერის შექმნა, რომელსაც ბრწყინვალედ მოერგო საბას ინგლისური რეპი. აუცილებლად მინდა აღვნიშნო უნიჭიერესი მუსიკოსის გიორგი დათიაშვილის მონაწილეობა ჩვენს პროექტში, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა სიმღერის შექმნაში.

(ჯოჯო აბშილავა) ნატალიასთან ერთად ყოველთვის იდეალურად ვმუშაობ, რადგან ერთნაირად ვგრძნობთ, ერთნაირი გემოვნება გვაქვს და საერთო ენასაც სწრაფად ვპოულობთ.  მართლაც დიდ ბედნიერებაა, როცა ასეთი ნიჭიერი კომპოზიტორი გენდობა.

– ლიკუნა, რამდენად კმაყოფილი ხარ სიმღერაზე მუშაობით?

– ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რადგან უამრავი ახალი გავიგე და ვისწავლე. ამასთანავე, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა საკუთარი მუშაობის შედეგს ხედავ. მარტივად, ტელეფონით გადაღებული ვიდეოებით გავაკეთეთ კლიპიც, რომელიც საოცრად მყუდრო, შინაურული გამოვიდა და ძალიან მოუხდა სიმღერას.

– რას ნიშნავს სიმღერის უჩვეულო სახელი „იუქეიო“?

– Ukiyo – იაპონური სიტყვაა და ყოველი წამით ბედნიერების შეგრძნებას ნიშნავს, ამიტომ ყველას დიდ ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები