5 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მომღერალი გიორგი ნადიბაიძე სტუმრობდა ახალი სიმღერის „სიყვარული უთქმელი“ პრემიერით.
– გიორგი, რა ასაკში დაიწყე სიმღერა?
– მართალია, ძალიან მუსიკალური ბავშვობა მქონდა, მაგრამ პროფესიონალურად სტუდენტობის ასაკში ავმღერდი.

– ვის ეკუთვნის ახალი სიმღერა?
– სიმღერა დიდი ხნის დაიწერა. მუსიკა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი, მანამა გურგენიძეა, არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იზრუნა, სიმღერა კი „ბრავო-რექორდში“ ჩაიწერა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც კომპოზიციაზე იმუშავა და მის გამოშვებაში დამეხმარა.
– რა გამოცდილება შეიძინე კონკურსებში მონაწილეობით?
– რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე, რადგან სწორედ კონკურსები გეხმარება სრულფასოვან მომღერლად ჩამოყალიბებაში.

– ალბომის გამოშვებას ხომ არ გეგმავ?
– ძალიან ბევრი სინგლი დამიგროვდა, ამიტომ არაა გამორიცხული მართლაც ერთ ალბომში გავაერთიანო.
– რამდენადაც ვიცი, ძალიან გიყვარს მოგზაურობა,
– ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, რომ ბევრს ვმოგზაურობ, თუმცა რამდენიმე ქვეყანას მაინც ვესტუმრე. ულამაზესი ქალაქები ვნახე, მაგრამ თბილისი მაინც ყველას მირჩევნია.

– ვისთან ისურვებდი დუეტის ჩაწერას?
– ბევრ მომღერალთან ერთად მიმღერია და იმედია კიდევ ბევრთან ვიმღერებ, თუმცა საოცნებო დუეტზე არასდროს მიფიქრია.
– როგორც ვიცი, ახალ სიმღერაზე მუშაობ, როდის შედგება მისი პრემიერა?
– მართლაც ვმუშაობ ახალ კომპოზიციაზე, უფრო სწორედ ძველი და ყველასთვის საყვარელი სიმღერის ახალ ვერსიაზე. ახლა ჩაწერის პროცესში ვართ და ალბათ მალე მასაც წარვუდგენ მსმენელს. მართალია, ძალიან ბევრს ვფიქრობ საავტორო კომპოზიციებზე, თუმცა მანამდე სიამოვნებით ვასრულებ ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს.