LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან საინტერესო პროგრამას ვამზადებ, იმ ქართულ სიმღერებს შევასრულებ, რომლებიც პანდემიის დროს შეიყვარა მსმენელმა” – გიგი პიანომენი არტ-FM“-ში

61
გიგი-პიანომენი

26 სექტემბერს გადაცემა „არტ-FM“-ს მუსიკოსი გიგი პიანომენი სტუმრობდა, რომელმაც 18 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

მზადება კონცერტისთვის – ძალიან სწრაფად გაიყიდა ბილეთები. კონსერვატორიაში სწავლისას შეჩვეული ვიყავი, რომ მელომანები ბოლო კვირას აქტიურდებოდნენ, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემი კონცერტის ბილეთები სამ-ოთხ დღეში, მართლაც რეკორდული დროში გაიყიდა. ჯერ არ გადამიწყვეტია, შეიძლება ერთი კონცერტი კიდევ დავამატო, რათა ყველა მსურველმა მოისმინოს.

ძალიან საინტერესო პროგრამას ვამზადებ. იმ ქართულ სიმღერებს შევასრულებ, რომლებიც პანდემიის დროს შეიყვარა მსმენელმა, თუმცა ცოტა განსხვავებული – საფორტეპიანო ვერსიით. თვითონაც ძალიან მაინტერესებს რა გამოვა და როგორ მიიღებს პუბლიკა ნაცნობ კომპოზიციებს საფორტეპიანო შესრულებით.

პროგრამის ძირითადი ნაწილი პანდემიის დროს მომზადდა. იზოლაციის პირობებში ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო, ამიტომ სიმღერები მხოლოდ დრამისა და ფორტეპიანოს აკომპანემენტით სრულდებოდა. მართალია, ბევრს მოეწონა, მაგრამ ბევრმა ჩათვალა, რომ სოლო საფორტეპიანო ვერსიის გაკეთება აჯობებდა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სოლირება, როცა დამოუკიდებლად, სხვა ინსტრუმენტის გარეშე გიწევს ემოციის გადმოცემა, თუმცა მთელი თვე ვიმუშავე და ვფიქრობ, საუკეთესო ფორმა მოვნახე, რადგან კლასიკა, ჯაზი, იმპროვიზაცია გავაერთიანე, საფუძვლად კი, ორიგინალური ვერსია შევინარჩუნე.

სხვათა შორის, ქართულ სიმღერებს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გავეცანი, მანამდე აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკას ვუკრავდი, ამიტომ კონცერტისთვისაც დიდხანს ვემზადებოდი. მინდოდა სიახლე შემეთავაზებინა მსმენელისთვის, თუმცა კარგად მომზადებული და მთელი გულით შესრულებული, რადგან არ შეიძლება დაუკრა ის, რაც არ გიყვარს.

გასტროლები – რამდენიმე თვის წინ სერბეთში მოვაწყვე გასტროლები, ამერიკაშიც ვაპირებდი გამგზავრებას, თუმცა მოულოდნელი სირთულეების გამო მოგზაურობა გადაიდო. ემიგრანტები ყოველთვის მოულოდნელად ელიან ქართველი მუსიკოსების კონცერტებს, ამიტომ აუცილებლად ჩავალ და ყველას გავახარებ. მართალია, რუსეთიდანაც მივიღე შეთავაზება, მაგრამ დაუფიქრებლად ვთქვი უარი.

ფილმზე მუშაობა – დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ძალიან საინტერესო ფილმი დაიდგა და მეც ენთუზიაზმით შევუდექი მის მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობას. საერთოდ ძალიან მიყვარს კინო, მანამდეც მქონდა მცირე გამოცდილება, თუმცა სრულმეტრაჟიან ფილმზე პირველად ვმუშაობ.

მუსიკა – ბავშვობაში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა მუსიკოსობა და მხოლოდ დედის წყალობით შევიყვარე, რომელიც თვითონაც მუსიკის მასწავლებელია. მართალია, თავიდან ძალიან ვწვალობდი, მაგრამ ისე გამიტაცა დაკვრამ, რომ სხვა აღარაფერი მინდოდა, მეგობრებთან ურთიერთობაზეც უარი ვთქვი, რადგან არ მინდოდა დროის დაკარგვა.

ალტერნატიული პროფესია – ბავშვობაში სპორტით ვიყავი გატაცებული. მუსიკოსი რომ არა, ალბათ სპორტსმენი ვიქნებოდი, მით უფრო, რომ ძალიან მიყვარს ცურვა და ფეხით სიარული. ძალიან მომწონს მოტოციკლით ქალაქის ქუჩებში სეირნობა და მუსიკის მოსმენა.

საყვარელი მუსიკა – რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს სტივი უანდერი, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის და ბეთჰოვენის  ნაწარმოებები, ბოლო დროს კინომუსიკამ და ენიო მორიკონეს შემოქმედებამ გამიტაცა. ძალიან არ მომწონს თანამედროვე ესტრადა, შეიძლება ცუდი არაა, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რადგან მე კლასიკური, კინომუსიკა და 1970-1980-იანი წლების ვარსკვლავების შემოქმედება მიყვარს.

კოლაბორაცია სხვა მუსიკოსებთან – ბევრჯერ მოვსინჯე სხვა მუსიკოსებთან, ბენდებთან თანამშრომლობა სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ საოცარ დისკომფორტს ვგრძნობ, ალბათ ყველაფერი პიანისტის კლასიკური განათლების ბრალია. ბევრად კომფორტულია, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. ძალიან მინდა ორკესტრთან ერთად დაკვრა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ ერთ კონცერტს.

„ერთგულება“ – არაჩვეულებრივი სიურპრიზი მომიწყო თენგიზ ამირეჯიბის კონკურსის და ფესტივალის ორგანიზატორმა თათა ლიჩელმა, რომელმაც 5 წლის წინ ჩემს მიერ შექმნილი პიესა „ერთგულება“ დაბეჭდა ნოტებში და გამოსცა. მიხარია, რომ „ერთგულების“ პრეზენტაციაც ჩემს კონცერტზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები