LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ, ამიტომ გვიჭირს დაჯერება, რომ ანსამბლი მართლაც 25 წლისაა” – „შვიდკაცას’’ ახალი სიმღერის პრემიერა და მზადება საიუბილეო კონცერტისთვის

23
შვიდკაცა

7 ნოემბერს რადიო „ფორტუნას’’ გადაცემას „არტ-FM’’-ს ანსამბლ „შვიდკაცას’’ წევრები სტუმრობდნენ, რომელთაც ანსამბლის 25-წლიან ისტორიასა და საიუბილეო კონცერტზე ისაუბრეს.

(დათო ნოზაძე) ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ, ამიტომ გვიჭირს დაჯერება, რომ ანსამბლი მართლაც 25 წლისაა. უამრავი კონცერტი მოვაწყვეთ საქართველოში, საზღვარგარეთ და გვიხარია, რომ ისევ ერთად ვართ, თუმცა სწორედ ერთობამ და ერთმანეთს სიყვარულმა მოგვიყვანა აქამდე.

(ლევან თოლორდავა) „შვიდკაცა’’ არა უბრალოდ ანსამბლი, არამედ ერთი დიდი ოჯახია, სიმღერა კი – ცხოვრების წესი, რომელმაც დაგვაახლოვა და უამრავი პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარა. 1990-იან წლებში, როცა ყველას უჭირდა, ჩვენ სწორედ მეგობრობამ და ერთმანეთის სიყვარულმა გადაგვარჩინა.

 

ამერიკის ჰიმნი 

ყველა კონცერტს სიამოვნებით ვიხსენებთ, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც NBA-ს თამაშის გახსნა იყო, როცა შეერთებული შტატების ჰიმნი, შესვენებების დროს კი, საქართველოს ჰიმნი და რამდენიმე ქართული სიმღერა შევასრულეთ, რისთვისაც პირველ რიგში ზაზა ფაჩულიას ვუხდით მადლობას. ღონისძიებას 21 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, ამიტომ მეტად სოლიდური აუდიტორიის წინაშე მოგვიწია გამოსვლა. მართალია, NBA-ს ყველა თამაში ჰიმნით იწყება, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, როცა ქვეყნის მთავარი მუსიკალური ნაწარმოები არა ამერიკელებმა, არამედ უცხოელებმა შეასრულეს. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ძალიან საამაყოა, რომ საოცრად მუსიკალურ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, იქ, სადაც ყველა მღერის, ძალიან რთულია საკუთარი ადგილის პოვნა.

კურიოზი 

25 წლის მანძილზე კურიოზებიც მრავლად დავაგროვეთ. ჩვენი ერთი მეგობარი, რომელიც ჯერ კიდევ „ფესვების’’ დროს შემოგვიერთდა, კულისებში ორმოში ჩავარდა, ამიტომ მის გარეშე მოგვიწია სცენაზე გასვლა, თვითონ კი, მოგვიანებით შემოგვიერთდა.

 

 საყვარელი კომპოზიცია 

უამრავმა სიმღერამ მოიყარა თავი ჩვენს რეპერტუარში, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ერთ-ერთი პირველი კომპოზიცია ‘’ფესვები’’ გვიყვარს, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის დაამუშავა ლილიკო ნემსაძემ. სწორედ მაშინ შედგა ჩვენი თანამშრომლობა პირველად და გვიხარია, რომ დღემდე გრძელდება. მოგვიანებით სხვა კომპოზიტორებიც გავიცანით, ვინც  უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩვენი ანსამბლის განვითარებაში. სიმღერა, რომელიც ფილმის „ფესვების’’ მუსიკაზე შეიქმნა, ყველაზე მეტად ქართველ ემიგრანტებს უყვართ, ვისაც განსაკუთრებით ენატრება სამშობლო და საკუთარი სახლი.

ახალი სიმღერა 

კომპოზიცია, რომლის ჩვენებური ვერსია გავაკეთეთ მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნა ნუგზარ ვაწაძემ. დიდხანს გვინდოდა სიმღერის ჩაწერა და როგორც იქნა მოვახერხეთ გიორგი გიგაშვილთან ერთად. ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა, მით უფრო, რომ მსმენელმა უკვე მოიწონა.

იძინებს მზე – „შვიდკაცა’’

საიუბილეო კონცერტი 

აქტიურად ვემზადებით საიუბილეო კონცერტისთვის, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება 25 ნოემბერს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თაყვანისმცემელს ბილეთების ასე ოპერატიულად შეძენისთვის, თუმცა ძალიან უხერხულად ვგრძნობთ თავს, რადგან ბევრმა ვერ მოასწრო და საერთოდ უბილეთოდ დარჩა. მინდა ყველა დავამშვიდო და შევპირდე, რომ შემდეგი კონცერტებით აუცილებლად ავანაზღაურებთ დანაკლისს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები