„გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ არიან დატყვევებულები, ალბათ რეჟიმი ცდილობს, თავიანთი ძალადობრივი რეჟიმის დაკანონებას და იმას, რომ რაღაცნაირად მიგვაჩვიოს და დაგვასწავლოს, რომ ეს იქნება ასე“, – განაცხადა მსახიობმა ეკა დემეტრაძემ საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი იმართება.
ეკა დემეტრაძის თქმით, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.
„შეიძლება ასე ცოტა ხანს გვაწამონ და გვაწვალონ, მაგრამ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.
[„ქართული ოცნებისთვის“] არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ გაგვეშვან, თავი დაგვანებონ და ქვეყანას მისცენ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ ფუნქციონირებას შევუდგეთ, შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური დღის წესრიგის მშენებლობას იმისათვის, რომ მივაღწიოთ იქამდე, სადამდეც გვინდა, რომ მივიდეთ – გვქონდეს ევროპული მომავალი, ყველა ინსტიტუცია მუშაობდეს, დღეს აქ მდგომი პოლიციელების ღირსებაც არ იყო შელახული და ეს შენობაც [საქალაქო სასამართლო] არ იყოს საბჭოთა ცირკად გადაქცეული, იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, შეგვეშვან, თავი დაგვანებონ, წავიდნენ და მიხედონ თავიანთ მილიარდებს“, – განაცხადა ეკა დემეტრაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.
❗ შეგვეშვან, თავი დაგვანებონ, წავიდნენ და მიხედონ თავიანთ მილიარდებს – ეკა დემეტრაძე ქართულ ოცნებას
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025
ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება, ადვოკატები სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ – სწორედ დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, დაკავებულები წინასასამართლო სხდომამდე პატიმრობაში დარჩებიან, თუ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.