LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები და დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სახელმწიფო ვართ – სირცხვილით მიწა მინდა გამისკდეს

73
ალეკო ელისაშვილი

„ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები და დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სახელმწიფო ვართ. ჩვენ ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით დეპუტატი პარლამენტის მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, რუსი ოკუპანტების მიერ 11 ნოემბერს, სოფელ ატოცთან ახალი საგუშაგოს აშენებას გამოეხმაურა.

გარდა ამისა, დეპუტატმა უკრაინელებს ხერსონის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლება და ქალაქის დაბრუნება მიულოცა.

ელისაშვილის თქმით, ხერსონის გათავისუფლების დღეს, 11 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში რუსმა ოკუპანტებმა  ინსტალაციები ისევ დააყენეს. დეპუტატის შეფასებით, ეს ზუსტად იმ დღეს მოხდა, როდესაც უკრაინული არმიის დანახვაზე რუსები უკან მიუხედავად გარბოდნენ.

„მინდა მივულოცო მთელ უკრაინას და უკრაინელ ერს ხერსონის დაბრუნება 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ. 11 ნოემბერს მოხდა ეს ამბავი და მეც ცრემლებით ვუყურებდი, როგორ ეგებებოდნენ ხერსონელები საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას ოკუპირებულ ქალაქში და როგორი აღტაცებული სკანდირებდნენ საკუთარი ჯარის სახელს.

ჩემდა სამარცხვინოდ, მე, როგორც ქართველს, ზუსტად იმ დღეს, 11 ნოემბერს მინდოდა მიწა გამსკდომოდა, რადგან 11 ნოემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში ისევ დაგვიყენეს ინსტალაციები რუსმა ოკუპანტებმა.

ლამაზი სიტყვა დავარქვით და შეგვიძლია საახალწლო განათებები ან ფოჩიანი კანფეტები ვუწოდოთ, მაგრამ მიწა-წყალი ისევ შემოგვიღობეს, თანაც ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინული არმიის დანახვაზე უკანმოუხედავად გარბოდნენ რუსები.

ზუსტად ამ დღეს ჩვენ დაგვამცირეს – მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები და დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სახელმწიფო ვართ. ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, ჩვენ კი ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ.

უფრო მეტიც – ფიანდაზები რომ დაუგეთ საზღვარზე რუს ოკუპანტებს, დეზერტირებს, გამოქცეულებს, ყველაზე სამარცხვინო ხალხს, ის ერთი რუსი მარჯანიშვილზე იდგა და დედას გვაგინებდა ნახევარი საათი. დედას გვაგინებდა პერსონალურად ქართველებს და ჩვენდა სამარცხვინოდ, ერთი კაცი არ აღმოჩნდა იქვე საკადრისი პასუხი რომ გაეცა.

დაიჭირეს და მეორე დღეს გამოუშვა პოლიციამ. მეორე რუსმა იმავე დღეს წიხლქვეშ გაიგდო ქართველი გოგო კაფეში, ასეთი უმადური იმპერიალისტი ხალხია ეს და ამიტომ ვამბობ, რომ მათი ფეხი აქ არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც გვიბედავენ ამ ყველაფერს.

გიგა ოთხოზორია, ახალგაზრდა ბიჭი რომ დაგვიკლეს ქართული პოლიციის საგუშაგოზე და მისი მკვლელი დღემდე ლაღად რომ დადის, გამოფატრული რომ დაგვიბრუნეს ლომივით ბიჭი, აჩიკო ტატუნაშვილი და მისი მკვლელები რომ დადიან არხეინად, ვაბედინებთ და გვიბედავენ.

ეს დღეები სირცხვილით მინდა, რომ მიწა გამისკდეს. მეგონა, მეომრების ქვეყანაში გავიზარდე – რით იყვნენ ჩვენი წინაპრები სახელოვანი? ქედს არ იხრიდნენ არავის წინაშე, ჩვენ კი ვართ ასე თავჩაღუნულები. „ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, არ გაწუხებთ ასე ღირსებააყრილები რომ ვართ? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში?“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g