„ენკას“ მუშახელი და ტექნიკა ჯერჯერობით უპრობლემოდ გააგრძელებენ მუშაობას. ეკონომიკის სამინისტრო თვლის, რომ „ნამახვანჰესი“ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩატარებულია ყველანაირი კვლევა და ჰესი იქნება უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, ჰესი უნდა აშენდეს“-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო დამატებით შესწავლაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს.
„ეს იყო პირველი შეხვედრა. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ყველა საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ მთავარი, რაც დღეს მოხდა არის ის, რომ გამოიკვეთა საკითხები, რომლთა გადაწყვეტა შემდეგ მოგვიწევს კონსტრუქციულ და დიალოგის რეჟიმში. საუბარი იყო დამატებით შესწავლაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, გარემოს დაცვის შესწავლაზე, კომერციულ შესწავლაზე, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩატარდება და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს ან აქვს თუ არა საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ამ პროექტზე დაყრდნობით მიღებული იქნება შემდეგი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე საკმაოდ კონსტრუქციულად ვისაუბრეთ რეგიონში და რიონის ხეობაში დეესკალაციის შესახებ და კონკრეტული მონახაზი გვაქვს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ასევე ვისაუბრეთ იმ დამატებით განხილვებზე. ბევრი საკითხია, რომლის განხილვა გვიწევს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას იმისათვის, რომ ჩაერთო პროცესში“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე განიხილეს სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით საკითხი, თუმცა ამ საკითხს მომავალ შეხვედრებზეც დაუბრუნდებიან.
„ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო პოზიცია, რომ სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს პროექტის საერთოდ შეჩერებას. აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებულია სხვადასხვა უმართავ პროცესთან. საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ლეგიტიმური უფლება აწარმოოს სამუშაოები, მაგრამ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მომავალში და მეორე მხარესთან ერთად განვიხილავთ. ჩვენ ველით, რომ მომავალ შეხვედრაზე განხილვებში სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით მონაწილეობას მიიღებს კომპანია „ენკა“, – აცხადებს თვალაბეიშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაესწრო კომპანია „ენკა“ დღევანდელ შეხვედრას, როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული კომპანია მხარე არ არის.
„მედიაციის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა. მედიაციაში ერთი მხარე არის სახელმწიფო და მეორე კი ხალხი, რომელიც აპროტესტებს ჰესის მშენებლობას. თუმცა, „ენკა“ მოწვეული იყო, როგორც დამკვირვებელი. დღეს, სამწუხაროდ არ გვესწრებოდა მათი წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ კომპანია „ენკასთან“ და ის საკითები, რაც ჩვენ გავიარეთ, ასევე იქნება განხილული ამ კომპანიასთან. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ შეხვედრებში ისინი მიიღებენ მონაწილეობას“, – აცხადებს თვალაბეიშვილი.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას გაიყვანენ თუ არა ტერიტორიიდან პოლიციას.
„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ეს საკითხი უნდა დავსვათ, ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო, არ ვართ შსს, მაგრამ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ყველა შესაბიმის უწყებასთან განვიხილავთ და დიდი მოლოდინი მაქვს იმის, რომ ეს მოხდება. ასევე მოხდება ის, რომ ხალხი ვინც იქ მუშაობს, ანუ „ენკას“ მუშახელი და ტექნიკა ჯერჯერობით უპრობლემოდ გააგრძელებენ მუშაობას. ეკონომიკის სამინისტრო თვლის იმას, რომ „ნამახვანჰესი“ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩატარებულია ყველანაირი კვლევა და ჰესი იქნება უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, ჰესი უნდა აშენდეს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.