„ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა, შესაძლოა, ორშაბათს დაიწყოს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან განუცხადა.
ინფორმაციას Axios-ი სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლინკენი ახლო მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრით, შეეცადა ირანსა და „ჰეზბოლაზე“ მათი მხრიდან შურისძიების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მათი დარტყმების გავლენის შეზღუდვა, ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო შანსია.
წყაროების ცნობით, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ იცის თავდასხმის ზუსტი დრო, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის შეიძლება მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში, ანუ უკვე ორშაბათს დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ ირანი და მისი ლიბანელი მოკავშირე „ჰეზბოლა” თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის ფუად შუკრის მკვლელობებში ისრაელს ადანაშაულებენ და საპასუხო ქმედებებით იმუქრებიან.