LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: როგორ მიიღო სოფი ლორენმა ქართველი რძალი – „კარლომ, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, მამაჩემს დაურეკა ვიდეოზარით და მას სთხოვა ჩემი ხელი ქართულ ენაზე…“

10442
მარიამ შარმანაშვილი

ახლახან, ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის 90 წლის იუბილეზე, მისმა ვაჟმა, კარლო პონტი უმცროსმა თავის ქართველ რჩეულს, მარიამ შარმანაშვილს ხელი სთხოვა და საყვარელი ქალისგან თანხმობაც მიიღო. ამ ამბავმა ქართველ საზოგადოებაში განსაკუთრებული სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია, წყვილმა კი გულწრფელი მილოცვები მიიღო.

მარიამ შარმანაშვილი fortuna.ge -ს ამ აღსანიშნავი თარიღის შესახებ გვიყვება.

მარიამ, პირველ რიგში, გილოცავთ გაბედნიერებას, მოგვიყევით ამ შესანიშნავი დღის შესახებ – იყო თუ არა დაგეგმილი ხელის თხოვნა, იცოდით თუ არა წინასწარ თუ ეს თქვენთვის მოულოდნელობა იყო და როგორ მოხდა ყველაფერი?

გამომდინარე იქიდან, რომ კარლომ რამდენიმე თვის წინ სპონტანურად, ბეჭდის გარეშე თბილისის აეროპორტში მთხოვა ხელი, ბუნებრივია, მქონდა მოლოდინი, რომ ეს ფაქტი ოფიციალურ სახეს მალევე მიიღებდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, რა ვითარებაში და რა დროს.. ამიტომ თვითონ ხელის თხოვნის ფაქტი ძალიან მოულოდნელიც არ იყო..

19 სექტემბერს ჩავედით რომში, რადგან სწორედ რომში უნდა გამართულიყო მეორე დღეს  ქალბატონი სოფიას საიუბილეო წვეულება. მივედით სასტუმროში, ავედით ჩვენს ნომერში და როდესაც განვმარტოვდით, კარლომ მუხლმოყრით კიდევ ერთხელ მთხოვა ხელი, ახლა უკვე ოფიციალურად და ბეჭდით.. და მე ვთქვი დიახ… მას შემდეგ, რაც კარლომ ჩემგან მიიღო ოფიციალური თანხმობა, მამაჩემთან დარეკა ვიდეო ზარით საქართველოში და ახლა მას სთხოვა ჩემი ხელი, თანაც ქართულ ენაზე ,და მამაჩემისგანაც, ბუნებრივია, მიიღო თანხმობა. ეს ყველაფერი იყო საოცრად  ემოციური და რომანტიკული…

ვნახეთ ფოტო სოფი ლორენთან ერთად – მოგვიყევით მასთან ურთიერთობის შესახებ და როგორ მოგილოცათ ნიშნობა?

მე და ქალბატონ სოფიას გვაქვს ძალიან თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან და კიდევ უფრო დავახლოვდით ბოლო პერიოდში, რადგან მასთან  ოცდაორი დღის განმავლობაში მომიწია თანაცხოვრებამ, აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და შესაბამისად, ერთად ხშირად ვხალისობთ ხოლმე სხვადასხვა თემაზე, ჩემ მიმართ გამოხატავს დიდი დოზით სითბოს და მისგან ყოველთვის ვგრძნობ დედობრივ მზრუნველ დამოკიდებულებას.

რაც შეეხება ნიშნობას, როცა ეს ამბავი ვუთხარით, მე და კარლომ დაგვლოცა, პირჯვარი გადაგვსახა და ბედნიერება გვისურვა.

ფოტო: „მე ვარ შენი ლედი და შენ ხარ ჩემი ცხოვრების მამაკაცი, სამუდამოდ“ – მარიამ შარმანაშვილი ემოციურ პოსტს გვიზიარებს

როგორი იყო სოფი ლორენის 90 წლის იუბილე?

იუბილეზე იყო ნამდვილად ზღაპრული გარემო,  თავდაპირველად სიტყვით გამოვიდნენ შვილები და შვილიშვილები, შემდეგ მომღერალი სტინგის მიძღვნას მოვუსმინეთ დიდ ეკრანზე, ასევე გაიმართა ქალბატონი სოფიას ფილმის ჩვენება, შემდეგ მას გადაეცა ჯილდო კინოინდუსტრიაში გაწეული ღვაწლისთვის და ბოლოს გადავინაცვლეთ დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც დაბადების დღე ქალბატონ სოფიას სიმღერით მიულოცა ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა მომღერალმა ლაურა პაუზინმა, ბოლოს კი საზეიმოდ გაიჭრა საიუბილეო ტორტიც.

თქვენი და თქვენი რჩეულის დიდი სიყვარულის ამბავი საზოგადოების ნაწილმა იცის, მაგრამ ახლა, როცა ურთიერთობის გაოფიციალურებას გეგმავთ, საინტერესოა, როგორია თქვენთვის ეს გრძნობა და როგორია თქვენი საყვარელი მამაკაცი? რა გხიბლავთ ყველაზე მეტად მასში და მას რა ხიბლავს თქვენში?

სასიამოვნო გრძნობაა, როცა ხედავ როგორ ვითარდება და ძლიერდება შენში გრძნობები უფრო და უფრო, როგორ გადადის სხვადასხვა ეტაპზე ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან… შეგრძნებები ისევ ახალივითაა ჩემთვისაც და კარლოსთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელს ითვლის ჩვენი სიყვარული.. ბედნიერებაა, როცა დღითი დღე რწმუნდები, რომ სწორი ადამიანი აირჩე სამუდამო მეგზურად… კარლოში ყველაზე მეტად მხიბლავს უბრალოება და საოცარი იუმორის გრძნობა, რაც შეეხება იმას, თუ რა მოსწონს კარლოს ჩემში, ალბათ ჩემი გულწრფელობა და ენერგეტიკა, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე.

„და მე ვთქვი დიახ“ – კარლო პონტიმ მარიამ შარმანაშვილს ცოლობა ლეგენდარული დედის, სოფი ლორენის იუბილეზე სთხოვა

ქორწილი უკვე დაგეგმილია? რა დეტალები შეგიძლიათ გაგვანდოთ?

ჯერ მხოლოდ ის ვიცით დაზუსტებით, რომ ქორწილი გვინდა გვქონდეს საქართველოში და 2025 წლის ზაფხულში, სხვა დეტალების გაზიარებისგან თავს შევიკავებ.

თქვენი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ზღაპრულ ამბავს ჰგავს. დღევანდელი გადასახედიდან რა შეგიძლიათ თქვათ – ეს თქვენი ცხოვრების რა ეტაპია?

კი, ნამდვილად ჰგავს ჩემი ამბავი ზღაპარს, ბევრი ნიუანსით, ხშირად კონკიას მადარებენ ჩემი განვლილი გზის გამო, მართლაც, სანამ აქამდე მოვიდოდი ბევრი სირთულის გადატანა მომიწია, მათ შორის ყველაზე რთულად დედის გარდაცვალება გადავიტანე, ასევე პირველი განქორწინებაც დიდი ტრავმა იყო ჩემთვის, რომელიც პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ორმაგად რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად ამ ეტაპის მარტო გავლა… მაგრამ დღეს სწორედ იმ ეტაპზე ვარ, როცა ვგრძნობ რომ ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა, მინდა, რომ ბევრი გოგონასთვის გახდეს ჩემი ისტორია ინსპირაცია და მოტივაცია, რომ არასდროს დანებდეთ, იარეთ წინ თქვენი მიზნებისკენ და არ შეუშინდეთ ცხოვრებას, მე თუ გამომივიდა თქვენც აუცილებლად გამოგივათ!..

სად აპირებთ ცხოვრებას დაქორწინების შემდეგ?

ჯერჯერობით საქართველოს განვიხილავთ მუდმივ საცხოვრებელ ლოკაციად, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება შეგვეცვალოს კიდეც გეგმები…

ინტერვიუ: ნინო მურღულია