ბათუმში ახლახან გაიმართა მომღერლისა და მოცეკვავის, ეკატერინე გურგენიძისა და მისი რჩეულის, ნიკოლოზ გარბანელიძის ქორწილი, რომელიც ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ვინაიდან ეკატერინე თავადაც მოცეკვავეა და მამაც „სუხიშვილებში“ ცეკვავდა, ქორწილში პატარძლისა და მისი ოჯახის წევრების არაჩვეულებრივად შესრულებული საცეკვაო ნომრები ვნახეთ. გარდა ამისა, ეკატერინე მღერის კიდევაც და მეუღლეს, მეგობრების თხოვნით, სიმღერაც მიუძღვნა. ეკატერინესთან ინტერვიუ fortuna.ge-მ ჩაწერა და პატარძლის დადებითი ემოციებიც სიამოვნებით გაიზიარა.
ეკატერინე, გაგვაცანი თავი…
ვცხოვრობ ქალაქ ბათუმში. ჩემი საქმიანობის რეალი, ძირითადად, არის ხელოვნება. მოდი, ცეკვით დავიწყოთ, რადგან პირველი, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, იყო ცეკვა. ღრმა ბავშვობიდან, ოთხი წლის ასაკში დავიწყე ცეკვა, რადგან მამა მყავს მოცეკვავე, სახელმწიფო ანსამბლ „სუხიშვილებში“ ცეკვავდა. რაც გავჩნდი, იქიდან უკვე დოლ-გარმონის ხმა მესმოდა. რთულია, ხელოვანის ოჯახში რომ იბადები, შენც არ მოიწამლო ამ საქმით, აღმოჩნდა, რომ გამომყვა ცეკვის ნიჭი.
ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ბათუმში“ ვცეკვავ და ძალიან მიხარია, რომ ეს პროფესია არის ჩემს ცხოვრებაში. სიმღერა ცოტა მერე დავიწყე, დაახლოებით 17 წლის ვიყავი. ამას უფრო მეტად ჩემს ჰობის ვეძახი, რამდენად კარგად გამომდის, ეს ხალხმა განსაჯოს.
ვიცი, რომ გადაცემასაც უძღვები…
მაქვს პატარა კუსკუსელა გადაცემა, „შუადღე ბათუმში“. ვცდილობ, რომ ვიყო ინფლუნსერი (იღიმის). მაქვს ასევე ჩემი სტუდია, სადაც 5 წლის ასაკიდან, ასაკის შეუზღუდავად, ბათუმელი ქალბატონები სწავლობენ ქართულ ნაციონალურ ცეკვას ჩემთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ 25 წლის ასაკში მაქვს ჩემი მცირე სტუდია „ცეკვა თერაპია“, სადაც ვცდილობ, რომ სხვებს შევასწავლო ის, რაც მე კარგად ვიცი…
სანამ ქორწილზე ვისაუბრებთ, როგორ გაიცანი შენი რჩეული?
დაახლოებით ორწელიწადნახევრის წინ, ახალი წლის დღეებში იყო ჩვენი მეგობრის ხელის თხოვნა, საიდანაც გადავწყვიტეთ სადღაც წასვლა გასართობად. ერთ-ერთ ადგილას წავედით, სადაც გავიცანი ჩემი რჩეული. ზოგადად, ასეთი რაღაცების არ მჯერა ხოლმე, მაგრამ პირველივე ნახვიდან მივხვდი, რომ ის „ის“ იყო. მანამდე, როცა ბანალურ კითხვებს მისვამდნენ, როდის თხოვდებიო ,ყოველთვის სხვა გეგმები მქონდა, ვიდრე შეყვარებულის ყოლა და გათხოვება. განგებას ვერ შეცვლიო, ამბობენ და ასე მოხდა. პირველივე ნახვაზე ქიმია ვიგრძენით, მერე, როგორც გაირკვა, მისი მხრიდანაც ასეთი რამ მოხდა…
შენი ქორწილი მართლაც გამოირჩეოდა შესანიშნავი გარემოთი და რაც მთავარია, საცეკვაო ნომრებით, რომლებმაც მნახველი აღაფრთოვანა…
მადლობა, რომ ასე მოგეწონათ… ჩვენი იდეა იყო ყველაფერში ჩაქსოვილი, მაქსიმალურად გვინდოდა, ჩვენც გვესიამოვნა და ჩვენს სტუმრებსაც. ჩემს ოცნებებში როგორი ქორწილიც მინდოდა, ისეთი გამომივიდა. ერთადერთი, რამაც ხელი შემიშალა, ბათუმური წვიმა იყო, მოგეხსენებათ, ერთი რომ დაიწყება, აღარ ჩერდება. მაინც საოცარი კადრები გამოვიდა… ვინც ჩვენს ქორწილს იღებდა, მან მითხრა, ყველა პატარძალს შეშურდება, ისეთი კადრები გადავიღე, მიუხედავად წვიმისაო. გვინდოდა, ქორწილში ყველაფერი ჩვენი იდეით გაკეთებულიყო, ჩვენ გვეწვალა და ასეც მოხდა…
იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მოცეკვავე, გამორიცხული იყო, არ მეცეკვა. ქორწილი მე და ჩემმა ძმამ გავალამაზეთ ჩვენი ცეკვით და მიხარია, რომ ყველამ ისიამოვნა და ემოციებით დატვირთულები წავიდნენ. მეორე დღეს უფრო ვიგრძენი ხალხის დადებითი ემოციები და კომენტარები. არ მეგონა, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. მიხარია, რომ ხალხს ასე მოეწონა ჩვენი ქორწილი. ძალიან სპონტანური იყო „სუხიშვილების“ ძველი თაობის ცეკვა ჩემს ქორწილში და დარწმუნებული ვარ, ეს ემოციები ძალიან დიდხანს გამყვება.
რომ ვიცეკვე, ყველა ჩემი მოცეკვავე მეგობარი ანსამბლიდან და მამა, ვისაც ცეკვასთან შეხება აქვს, კმაყოფილი იყო, მაგრამ ჩემი მეგობრები მეჩხუბებოდნენ, შენს ქორწილში როგორ არ უნდა იმღეროო. ბევრი არ უთხოვიათ, ძალიან კარგად შევირგე ჩემი ქორწილი. მივედი მიკროფონთან და ჩემს ქმარს ვუმღერე სიმღერა.
კაბის დიზაინი ვინ შექმნა?
კაბის დიზაინი ჩემმა დამ გამიკეთა და მას საოცარი ხედვა აქვს. ვიდეოებს რომ ვუყურებ, მეც მომწონს. რეტრო სტილში გაკეთდა…
ინტერვიუ: ნინო მურღულია