საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, ზურა აფხაზის მულტიმედიური გამოფენა „ქვების ხმაური“ გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის მაისიდან, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა თავისი ძირითადი ფუნქცია და ის კვლავ საგამოფენო სივრცედ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ განახლებული და მხატვრებისთვის საგამოფენოდ დაბრუნებული ეროვნული გალერეა უკვე მე-18 მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს. მიმდინარე და მომდევნო წელს ეროვნულ გალერეაში დაგეგმილი გამოფენების სიუხვე და შესარჩევ კონკურსში პროექტების სიმრავლე თვალსაჩინოს ხდის პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში მხატვრებს აწუხებდათ და სახელმწიფო საგამოფენო სივრცეზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით იყო გამოწვეული.
მულტიმედიური გამოფენა „ქვების ხმაური“ ზურა აფხაზის მიერ ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების კრებულს წარმოადგენს, სადაც კარგად ჩანს მხატვრის ხანგრძლივი ძიების შედეგად გამოკვეთილი მკაფიო ხედვა, ზურა აფხაზის სტილის დამადასტურებელი შთამბეჭდავი გამოსახულებები.
პროექტის წარმდგენია ,,დედიკას გალერეა”, გამოფენის კურატორი – ხათუნა ხაბულიანი. ვიდეო ჩანართებზე იმუშავეს ლექსო სოსელიამ, უჩა წოწერიამ; ხმოვანი ნაწილი ეკუთვნის დიმა დადიანს.
ზურა აფხაზი მულტიმედიური გამოფენის „ქვების ხმაური“ ნახვას დამთვალიერებელი 7 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს.