„ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.. ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და 1 მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები.
„ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.