LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ “ქართულ ოცნებას” – ხელისუფლებას არ რჩება მორიგი “ტრიუკის” დადგმის შესაძლებლობა: მოძრაობა “სირცხვილია”

67
Untitled design

“ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს “კომპრომისად” განიხილავს.” – მოძრაობა “სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია დასავლელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული შეთანხმების აუცილებლობაზე, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზებსა და ასევე, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ:

“საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.

გადასალახია ჩიხი, რომელშიც ქვეყანა კარგა ხანია შევიდა და უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ძირითადად კი უკან და უკან მიდის. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, მიიღოს ძალაუფლების დანაწევრების მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას ხელისუფლებების მსგავსი თავგასულობისგან მომავალშიც დააზღვევს.
შეთანხმება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვთავაზობენ, ამ მომენტში, კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა. განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი “ტრიუკის” დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა.” – ვკითხულობთ მიმართვაში.

რაც შეეხება ოპოზიციის პასუხისმგებლობას, განცხადების ხელმომწერები ამბობენ, რომ მან უნდა იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება.

მიმართვაში კიდევ ერთხელ, ნახსენებია ე.წ. “გავრილოვის ღამე. “სირცხვილიას” წევრები ამბობენ, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ და ეს მათი პრინციპული პოზიციაა:

“უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა.
გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა “სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას.

შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია.