„ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა და აღნიშნულით არასამთავრობო სექტორზე გაკეთებულ „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის.
„ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც მინახავს საქართველოში რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.
მათ შორის ბევრი მიმართულებით, იქნება ეს გარემოს დაცვა, საჭიროების მქონდე ოჯახებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ახალგაზრდა ხალხის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ადამიანების დახმარება.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს და ისინი ადგილობრივი ხალხისგან შედგება, რომელთაც სურთ გარკვეული პრობლემის მოგვარება და გახადონ ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება უკეთესი ყველასთვის.
ეს ხანდახან მაკვირვებს ხოლმე, რადგან პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მმართველი პარტიიდან, მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, იქიდან იწყებდნენ, წვლილი შეჰქონდათ საქართველოს განვითარებაში საკუთარი კარგი მუშაობით არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ამიტომ ახლა ჩემთვის ცოტათი გასაკვირია იმის გაგონება, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ძალიან არ გამიხარდებოდა ისეთი საქართველოს ნახვა, რომელსაც დაკარგული ექნება ძალა და ხმა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ხალხს. ეს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.“– განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რაზედაც კანონპროექტს მოამზადებენ.
„ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ „უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის.“