LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

European Best Destinations ბათუმს 2024 წლის ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

558
ბათუმიიი

პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად ასახელებს და მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის  პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ამ ქალაქში მოგზაურობასაც ურჩევს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

„უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები“ – ნათქვამია სტატიებში, რომლებითაც პრესტიჟული გამოცემები Forbes, Wanderlust და Viaggi სამოგზაურო პლატფორმის European Best Destinations-ის რეიტინგს ეხმაურებიან. სტატიებში ყურადღება გამახვილებულია ბათუმზე, როგორც მრავალი ჯილდოს მფლობელ და ევროპაში გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე.

სამოგზაურო პლატფორმამ 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა. European Best Destinations  ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ის აქტიურად თანამშრომლობს ევროკომიისის მიერ აღიარებულ EDEN-ის (European Destinations of Excellence) ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network – ტურისტული მიმართულებების  ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურისტულ ორგანიზაციასთან. 

European Best Destinations-მა 2020 წელს ბათუმი ევროპის უსაფრთხო მიმართულებებს შორის, ხოლო 2022 წელს „ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად“ დაასახელა. აღნიშნულის შესახებ 2022 წელს სტატიები ისეთმა პოპულარულმა მედიაგამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France და Ouest France.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები