ევროკავშირში აპირებენ, რომ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი წესები მიიღოს. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მომშენებლებს ყველა ძაღლისა და კატისთვის ჩიპის ჩასმას ავალდებულებს, თანაც გაყიდვამდე, ასევე კრძალავს ყურებისა და კუდის დაჭრას. სიახლის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური საიტი წერს.
სიახლის დამსახურებით ცხოველებით არალეგალური ვაჭრობა უნდა შემცირდეს და მათი შენახვის პირობებიც უნდა გაუმჯობესდეს.
ამიერიდან შინაური ცხოველების გაყიდვა შეეძლებათ მხოლოდ ოფიციალურ მომშენებლებს და თავშესაფრებს — ზოომაღაზიებს ეს უფლება შეეზღუდებათ. ყველა ცხოველი ევროკავშირის საერთო მონაცემთა ბაზაშიც უნდა იყოს რეგისტრირებული.
კანონპროექტი ასევე კრძალავს მტკივნეულ პროცედურებს (მაგალითად, კუდის დაჭრას), მათ შორის ელექტრო საყელოების და მტკივნეული სახვევების გამოყენებას, ასევე გენეტიკური დაავადებების მქონე ცხოველების გამრავლებას.
თუმცა, გარკვეული კატეგორიებისთვის გათვალისწინებულია გამონაკლისები. მაგალითად, სანადირო ძაღლებს შესაძლოა კუდები მაინც მოაჭრან, ხოლო პოლიციისა და სამხედრო ძაღლებისთვის წვრთნების დროს ელექტრო საყელურის ტარებაც დასაშვებია.
ევროპაში მუდმივად მკაცრდება შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული წესები, რათა მათი უფლებები და საჭიროებები უკეთ იყოს გააზრებული. მაგალითად, ვენაში თუთიყუშების და კუების მომავალი მფლობელები სპეციალურ შემოწმებასაც კი გადიან.