„ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი“, – ამ განცხადებით გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ უპასუხა კითხვას განიხილავენ თუ არა საქართველოს მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას და მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე.
გარდა ამისა, „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ ევროკომისრმა თქვა, რომ „შესაძლოა, დასაწყისში საუბარი არა უმაღლეს დონეზე, არამედ დაბალი რანგის წარმომადგენლებთან დაიწყოს“.
„შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია, შეიძლება DCFTA-ს შეთანხმებას გადავხედოთ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი და შეიძლება ეს გავყინოთ – ეს არის შესაძლებლობები“ – ევროკომისარი მარტა კოსი
„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული“ – ამბობს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.
„ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ.
როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე.
ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, – განაცხადა მარტა კოსმა.
როგორც ევროკომისარმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს დაკარგვას ვერ დაუშვებს.
„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“. – განაცხადა მარტა კოსმა.