დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. როგორც თავად მოძრაობის დამფუძნებლებმა აღნიშნე, მისი მიზანია, დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები დამფუძნებლები ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, ლაშა ძებისაშვილი და ივა ჭყონია არიან.
„100 დღე გამარჯვებამდე – აირჩიე ევროპა“; „აირჩიე საქართველოს თავისუფლება და კეთილდღეობა“ – ასეთია სამოქალაქო მოძრაობის მთავარი გზავნილები.
„დღეს ვართ ვითარებაში, როდესაც ვირჩევთ არა უბრალოდ სასურველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას.
სწორედ ამიტომ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვერთიანდებით რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში საქართველოს ევროპული არჩევანის გამარჯვებისთვის და ვიწყებთ 100 დღიან მეგაპამპანიას – აირჩე ევროპა“. – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობის წარდგენის ვიდეორგოლში.
ღონისძიებაზე, სადაც სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართა, ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც საკუთარ სიტყვაში დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და თქვა:
„ის გზა, რომელიც მიგვიყვანს ნათელი მომავლისკენ, გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, არ შეიძლება ამ გზიდან გადახვევა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპის ნაწილი, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ვიყავით ორიენტირებული ცივილიზებული სამყაროსკენ.
ევროპა არის დღეს ჩვენი ხსნა, აუცილებლად ეს გზა ასარჩევი გვაქვს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მოგვისმენს და ჩვენი ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარება, გამოფხიზლდება.
ბევრისგან გამიგია, რომ მე არც რუსეთი მინდა, არც ევროპა, მე საქართველო მინდა – ყველას საქართველო გვინდა, მაგრამ ამ საწყალ საქართველოს აქვს ხოლმე არჩევანი, რომ ან ერთი აირჩიოს, ან მეორე, დღეს არჩევანის წინ ვდგავართ და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავალი“. – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სამოქალაქო მოძრაობა 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე 100 დღიან უწყვეტ ევროპულ მარათონს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი:
- ევრომობილი – სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს მოსახლეობასთან ე.წ. „ევრომობილების“ საშუალებით ჩავლენ გააცნობენ ინფორმაციას თუ რატომ და როგორ აირჩიონ ევროპა;
- თაობები საქართველოს ევროპული მომავლისთვის – ყველა ციფრულ პლატფორმაზე უწყვეტ მარათონში ყველა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი გამოხატავს თავის პოზიციას და მიაწვდენს ხმას, თუ რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა და რატომაა მომავალი არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის;
- ემიგრანტის ხმა – კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო რეგისტრაციაში, არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდასა და ხმების დაცვაში;
- ევროპის ახალგაზრდა ელჩები – ახალგაზრდები სხვადასხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მიიღებენ შესაბამის საინფორმაციო მხარდაჭერას და ჩაებმებიან დიდ ევროპულ მარათონში.