LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო, დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც

44
1

ევროპარლამენტმა რუსეთ-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 494 ხმით 103 წინააღმდეგ დაამტკიცეს, საუბარია საქართველოზეც.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ არასწორი საგარეო პოლიტიკით, აგრესიული ქმედებებით, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევებითა და ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებებით რუსეთის რეჟიმი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ისეთ რუსეთის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა ყირიმის ანექსია, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დესტაბილიზაცია, უკრაინასა და საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების უპატივცემულობა, კიბერთავდასხმები, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევები და ასევე ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების საჰაერო და საზღვაო სივრცეების დარღვევები.

როგორც რეზოლუციის ავტორები აღნიშნავენ, რუსეთის სხვადასხვა აგრესიულ ქმედებაზე, მათ შორის კი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე, ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური რეაგირების არქონამ რუსეთს უბიძგა, გაეგრძელებინა აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები როგორც სამეზობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

რეზოლუცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ბლოკმა გააგრძელოს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმოს რუსეთის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევა შეიარაღებულ კონფლიქტებში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში და ასევე  უნდა განიხილოს უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებების გაფორმება, რაც იქნება ჩარჩო ინვესტიციებისა და უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაზრდისთვის, სამხედრო, სადაზვერვო და კიბერთანამშრომლობისთვის ევროკავშირის სამეზობლოში გარკვეულ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მათი მდგრადობის გაძლიერებისთვის.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიერ ევროკავშირის პოლიტიკური, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი კრიტერიუმების შესრულების მხარდაჭერა.

რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსია. დოკუმნეტს მხარი 494 დეპუტატმა დაუჭირა, 103 წინააღმდეგ წავიდა, 72-მა კი თავი შეიკავა.

მიღებულ რეზოლუციას აფასებენ საქართველოშიც. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს არის ნათელი გამოხატულება – ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდით დგას.

“აღსანიშნავია, რომ პირველად ევროკავშირი ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას მოსკოვთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად ასახელებს, რაც მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის.

კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “აღმოსავლეთ პარტნიორების” წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” – თქვა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ქვეყნის მთელი დიპლომატიური სისტემა გააგრძელებს მუდმივ ძალისხმევას, რათა საქართველოს თემა მაღალ დონეზე იყოს წამოწეული საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები