„ევროპის მარში – ევროპის კვირაში” – ამ სლოგანით თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, ამ წუთებში მარშს 4 ლოკაციიდან მართავენ, საბოლოოდ კი ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეების შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს! – კი ევროპას!“, „სად მივდივართ? – ევროპაში”.
მოქალაქეები შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაპროტესტებლად . ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტრო „300 არაგველთანაც“ შეიკრიბნენ, საიდანაც ევროპის მოედნისკენ მარშით წავლენ.
აქ შეკრებილ საზოგადოებას პარტიის “ახალი” წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.
მეტრო „300 არაგველთან“ შეკრებილებს შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
ცნობისთვის, „ევროპის მარში – ევროპის კვირაში” – ამ სლოგანით თბილისში 4 ლოკაციაზე: მეტრო 300 არაგველი, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ.
შეკრებილები 3 ლოკაციიდან ერთდროულად ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გააპროტესტებენ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი”