კონტრასტული ევროპა დღემდე აოცებს ტურისტებს თავისი მრავალფეროვნებით, რადგან ჩრდილოეთ ნაწილში ყოველთვის ცივი და ღრუბლიანი ამინდია, სამხრეთში კი – თბილი და მზიანი. გარდა ამისა, ეროპაში ერთნაირი წარმატებით შეიძლება მეგაპოლისების დათვალიერებაც და სოფლის პატარა სახლში არდადეგების ბუხართან გატარებაც.
* ფინეთი
ფინეთში მოგზაურობისას, აუცილებლად ესტუმრეთ როვანიემს – პატარა ქალაქს, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება შობასთან და ზამთრის დღესასწაულებთან, რადგან სწორედ აქაა სანტა-კლაუსის რეზიდენცია. არ გამოგრჩეთ „არქტიკუმის“ მუზეუმის მონახულება და ჩრდილოეთ ევროპის ტრადიციული ცხოვრების თავისებურებების შესწავლა.
* ავსტრია და გერმანია
ავსტრიამ და გერმანიამ სახელი განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფეროთი და საშობაო ბაზრობებით გაითქვა, სადაც ყველაფრის შეძენა შეიძლება უგემრიელესი თაფლიკვერით დაწყებული ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოებით დამთავრებული.
* შვედეთი
ზამთრის შვედეთის ნამდვილი ღირსშესანიშნაობა – შობის დღესასწაულის მთავარი სიმბოლო ლაპლანდიაა, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ დატკბეთ ჩრდილოეთის ნათებით, ისრიალოთ თხილამურებთ და „გაიცნოთ“ სანტა-კლაუსის ირმები.
* საბერძნეთი
მართალია, ზამთარი თოვლთან და სიცივესთან ასოცირდება, მაგრამ საშობაო არდადეგების გატარება თბილ ქვეყნებშიც შეიძლება. იმოგზაურეთ საბერძნეთში და დარწმუნდებით, რამდენად დიდებულია ეს ქვეყანა ტურისტების და გაუთავებელი რიგების გარეშე.
* დანია
განსაკუთრებით ლამაზი დანია ზამთრის სეზონზეა, როცა პატარა სახლების სახურავები ფაფუკი თოვლით იფარება. „ჩრდილოეთის მარგალიტად“ წოდებულ კოპენჰაგენში მოგზაურობისას, არ დაგავიწყდეთ ანდერსენის სახლ-მუზეუმის მონახულება და გასართობ პარკში „ტივოლიში“ გასეირნება, რომელიც საშობაოდ ნამდვილ ჯადოსნურ ზღაპარს ემსგავსება.
* უნგრეთი
უნგრეთის დედაქალაქში – ბუდაპეშტში სეირნობისას, არ გამოგრჩეთ უზარმაზარი საციგურაო მოედანი, სადაც გამოცდილ მოციგურავეცებთან ერთად არაპროფესიონალებიც სიამოვნებით სრიალებენ. შეციებული კი, თერმულ აბანოებში შეძლებთ გათბობას, რომელიც ასე პოპულარულია არა მარტო უნგრეთში, არამედ მთელ ევროპაში.
* სლოვაკეთი
სლოვაკეთი განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მოყვარულებს იზიდავს, რადგან ფასები აქ საკმაოდ დაბალია, მთებში მოწყობილი სათხილამურო ტრასები კი, არაფრით ჩამოუვარდება ალპების ცნობილ კურორტებს.
* ესპანეთი
ესპანეთის რბილი კლიმატი მათთვისაა, ვისაც განსაკუთრებით ენატრება თბილი დღეები. ზამთრის ესპანეთში მოგზაურობისას, აუჩქარებლად შეგიძლიათ დატკბეთ უძველესი ტაძრებით, ციხე-სიმაგრეებით და სხვა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით, საღამოს კი, მრავალრიცხოვან პაბებსა და რესტორნებში შეიარეთ, სადაც უგემრიელეს კერძებსა და კოქტეილს შემოგთავაზებენ.
* რუმინეთი
რუმინეთში მოგზაურობისას შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეების დათვალიერება შეიძლება, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით დრაკულას სასახლე სარგებლობს პატარა ქალაქ ბრანში.
* იტალია
თუ იტალიაში თებერვლის თვეში აღმოჩნდით, აუცილებლად გაემგზავრეთ ვენეციის ცნობილ კარნავალზე, რომელმაც სახელი თავისი მდიდრული კოსტიუმებით, ულამაზესი ნიღბებით დ ზღაპრული ატმოსფეროთი გაითქვა.