ევროპაში ახალგაზრდების ფინანსური მდგომარეობა ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, 16-34 წლის მოსახლეობის საშუალო ქონება ევროზონაში 24 600 ევროს შეადგენს, თუმცა ქვეყნებს შორის სხვაობა კოლოსალურია. მთავარი ფაქტორები, რომლებიც ამ განსხვავებას განაპირობებს, არის ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფლობა და იპოთეკურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.
ყველაზე მაღალი ქონება ახალგაზრდებს მალტაში უფიქსირდებათ, სადაც 16-34 წლის მოქალაქეების წმინდა ქონება 257 500 ევროს აღწევს. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 135 000 ევროთი, ხოლო მესამე პოზიციას ბელგია იკავებს, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 97 200 ევროა. ლიდერთა შორის ასევე არიან ხორვატია (82 000 ევრო), სლოვაკეთი (74 600 ევრო), ესტონეთი (62 200 ევრო), ჩეხეთი (59 900 ევრო) და ლიეტუვა (59 600 ევრო).

ევროპის ოთხ უდიდეს ეკონომიკას შორის ყველაზე მაღალი ქონება იტალიელ ახალგაზრდებს აქვთ. იტალიაში 16-34 წლის მოსახლეობის ქონება 53 500 ევროს შეადგენს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება გერმანიის მაჩვენებელს – 17 600 ევროს. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 27 700 ევროა, ხოლო ესპანეთში – 23 700 ევრო.
რეიტინგის ქვედა ნაწილში ფინეთია, სადაც ახალგაზრდების ქონება მხოლოდ 5 700 ევროს აღწევს. მას მოსდევს საბერძნეთი (9 900 ევრო), ავსტრია (13 400 ევრო), ლატვია (16 900 ევრო) და გერმანია (17 600 ევრო).

ექსპერტების შეფასებით, ახალგაზრდების სიმდიდრე მხოლოდ მათ შემოსავალზე არ არის დამოკიდებული. მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორის, ფაბიან პფეფერის თქმით, ადრეულ ასაკში დაგროვილი ქონება ხშირად ოჯახის მხარდაჭერის, მემკვიდრეობის, უძრავი ქონების ჩუქებისა და იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის შედეგია. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების ქონებრივი უთანასწორობა ბევრად ადრე ყალიბდება, ვიდრე მემკვიდრეობის ოფიციალური მიღების ეტაპი დგება.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საცხოვრებლის მაღალი ფასებისა და ცხოვრების გაძვირების ფონზე, ევროპელი ახალგაზრდებისთვის ქონების დაგროვება სულ უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ, იმ ქვეყნებში, სადაც ოჯახები შვილებს ბინის შეძენაში ან პირველ შენატანში ეხმარებიან, ახალგაზრდები გაცილებით სწრაფად ქმნიან ფინანსურ კაპიტალს და უფრო მეტი შესაძლებლობებით სარგებლობენ.
