LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებთან საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე ვისაუბრე და ვუთხარი, რომ ეს მარტივი არ იქნება: ლევან იოსელიანი

68
ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ წევრისა და ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას, მან ყურადღება სასამართლო რეფორმის განხორციელების საკითხზე გაამახვილა და თქვა, რომ მათთან „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაზეც მიუთითა, რაც მისი სიტყვებით, ამ საკითხზე ისეთი შემხვედრი არ არის, როგორიც საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში იყო.

იოსელიანის თქმით, დელეგაციის წევრებმა კითხვები სასამართლოს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასვეს, ასევე აინტერესებდათ, პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით რა ხდება დღეს და როგორ დასრულდა ის.

„დღეს მე წამოვჭერი ორი საკითხი, რომელიც საარჩევნო და სასამართლო რეფორმას ეხებოდა. ორივე საკითხზე მივაწოდე ინფორმაცია. მოვუყევი განვლილი გზა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და გავაცანი, როგორ წარმომიდგენია მე სასამართლო რეფორმის განხორციელება, ვუთხარი, რომ ეს არ იქნება მარტივი, რადგან ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ამ საკითხზე, ჩემი აზრით, ის ისეთი შემხვედრი არ არის, როგორიც საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში იყო.

ამიტომ მე მათ ავუხსენი, რომ ეს იქნება რთული. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია ჟან მონეს დიალოგი, სადაც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება დიალოგის ნაწილი იყოს. მათი მხრიდან რაიმე კომენტარი არ ყოფილა, ისინი, როგორც წესი, საბოლოო ჯამში ასახავენ ანგარიშში ამას,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ისინი უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს.

დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

ევროპელი კანონმდებლების ოფიციალური ვიზიტი იწყება: ყველაფერი იმას ემსახურება, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაყენების დროს ვიყოთ ბევრად მომზადებული

 

magti 5g