თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 5 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, წყაროს დადგენის მიზნით.
მისივე განმარტებით, აგვისტოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას უსწრებს.
„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში გახლდათ 1206 დადასტურებული შემთხევვა, დაგვემატა 7 და დღევანდელი მონაცემები გვაქვს 1213. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, იყო 987 და დღეს 994 გახლავთ. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.
გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82%-ია. აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას უსწრებს“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი დაავადდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი
რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, როგორც ეზუგბაია განმარტავს, ცენტრში 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიუღიათ.
„ცენტრში 38 დადასტურებული შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელდა 6. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვაქვს 32 დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა განიხილება, როგორც საშუალო და მათზე მსუბუქი პაციენტები“ – განაცხადა ეზუგბაიამ.