ფინეთის იუვიასკიულას უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, ვარჯიშის დროს საყვარელი მუსიკის მოსმენა ადამიანებს საშუალებას აძლევს, თითქმის 20%-ით მეტხანს ივარჯიშონ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მუსიკა ფიზიკურ დატვირთვას არ ამცირებს, თუმცა დაღლილობის შეგრძნებას ამსუბუქებს და ადამიანს ვარჯიშის ბოლომდე მიყვანაში ეხმარება.
კვლევაში 50 ფიზიკურად აქტიური ზრდასრული მონაწილეობდა. თითოეულმა მონაწილემ ველოტრენაჟორზე ორი ერთნაირი ინტენსივობის ტესტი გაიარა – ერთხელ მუსიკის გარეშე, მეორედ კი საკუთარი არჩევანით შერჩეული სიმღერების თანხლებით.
შედეგებმა აჩვენა, რომ მუსიკის გარეშე მონაწილეები საშუალოდ 30 წუთს ვარჯიშობდნენ, ხოლო საყვარელი ფლეილისტის მოსმენისას ეს დრო 36 წუთამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 20%-იან გაუმჯობესებას ნიშნავს.

ამასთან, ორგანიზმის ფიზიოლოგიური დატვირთვის მაჩვენებლები თითქმის იდენტური იყო. ორივე ტესტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გულისცემის სიხშირისა და ლაქტატის – კუნთების დატვირთვის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებლის, თითქმის ერთნაირი დონე აღენიშნებოდათ.
მკვლევრების განმარტებით, მუსიკა არ აუმჯობესებს ფიზიკურ შესაძლებლობებს, თუმცა ვარჯიშის დროს ყურადღება დაღლილობისგან სხვა მიმართულებით გადააქვს, რის შედეგადაც ადამიანები უფრო დიდხანს აგრძელებენ დატვირთვას.
მეცნიერების შეფასებით, ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც რეგულარული ვარჯიშის ჩვევის ჩამოყალიბება უჭირს. მათი თქმით, საყვარელი მუსიკა ფიზიკური აქტივობის გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, რადგან დამატებით ხარჯებსა და სპეციალურ აღჭურვილობას არ საჭიროებს.