ფინეთის პატარა ქალაქ ასკოლას მცხოვრებმა კაცმა მთელი თავისი ქონება – მილიონ ევროზე მეტი – ქალაქს დაუტოვა, რათა ეს თანხა ხანდაზმული მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას მოხმარებოდა.
ანდერძი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იყო შედგენილი, თუმცა მისი შინაარსი სრულ საიდუმლოდ რჩებოდა. ამიტომ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 2023 წელს გარდაცვლილმა ფილანთროპმა მთელი ქონება ქალაქს უანდერძა, ეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
ანდერძის მთავარი პირობა იყო, რომ თანხა მხოლოდ ასაკოვანი მოქალაქეების კეთილდღეობას მოხმარებოდა. ახლა ასკოლას მუნიციპალიტეტი გეგმავს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის დაფინანსებას – მათ შორის, ინტერესთა კლუბების, მასტერკლასებისა და ერთდღიანი ექსკურსიების ორგანიზებას.

პროექტში ასევე შედის სპორტული ცენტრის მშენებლობა, ხანდაზმულებისთვის სახლში დახმარების სერვისების განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და ადგილობრივი სასაფლაოს რეაბილიტაციაც.
ფინანსურ ქონებასთან ერთად, ქველმოქმედმა ქალაქს ტყის მასივები და სასოფლო-სამეურნეო მიწებიც დაუტოვა. მუნიციპალიტეტი გეგმავს, ამ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი ბაღები მოაწყოს.