ნიუ-იორკში გამართულ ქრისტის აუქციონზე ამერიკელი მხატვრის, ჯექსონ პოლოკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი – „ნომერი 7A, 1948“ 181 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს თანხა მხატვრისთვის აუქციონზე გაყიდვების ისტორიაში ახალი რეკორდია.
ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რომ ტილო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევა და თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
ნახატი წლების განმავლობაში მედიამაგნატ სი ნიჰაუსის პირად კოლექციაში ინახებოდა. გაყიდვის შემდეგ კი ის აუქციონებზე ოდესმე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშებს შორის ერთ-ერთ ლიდერად დასახელდა.
ჯექსონ პოლოკი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება. განსაკუთრებული პოპულარობა მას ე.წ. „დრიპინგის“ ტექნიკამ მოუტანა – მხატვარი საღებავს ტილოზე პირდაპირ ასხამდა და სპონტანურ, ქაოსურ კომპოზიციებს ქმნიდა. ეს სტილი მოგვიანებით თანამედროვე ხელოვნების სიმბოლოდ იქცა.
აქამდე პოლოკის ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარი „ნომერი 17, 1951“ იყო, რომელიც 2021 წელს 61,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. თუმცა, მისი რამდენიმე ტილო კერძო გარიგებების გზით კიდევ უფრო მაღალ ფასადაც გაყიდულა.