Ford-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ბილ ფორდის განცხადებით, ჩინური ავტომწარმოებლების ამერიკულ ბაზარზე გამოჩენა დროის საკითხია და აშშ-ის ავტო ინდუსტრიამ კონკურენციისთვის მზადება უკვე ახლა უნდა დაიწყოს.
ფორდის თქმით, მხოლოდ ტარიფებსა და სახელმწიფო დაცვის პოლიტიკაზე დაყრდნობა საკმარისი აღარ იქნება. მისი შეფასებით, ამერიკულმა კომპანიებმა კონკურენცია ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და პროდუქტის ხარისხით უნდა შეძლონ.
„საკითხი აღარ არის, მოხდება თუ არა ჩინური ბრენდების შემოსვლა აშშ-ში – საკითხია როდის,“ – აღნიშნა ბილ ფორდმა.

მისი თქმით, აუცილებელია ასევე ავტომობილების განვითარების პროცესის დაჩქარება. ფორდის შეფასებით, დღეს ახალი მოდელის შექმნის ციკლი აშშ-ში იმდენად ხანგრძლივია, რომ ზოგჯერ პარლამენტის მუშაობის ვადასაც კი აღემატება, რაც სწრაფად ცვალებად ბაზარზე ამერიკელ მწარმოებლებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ წლის დასაწყისში აშშ-ის ხელისუფლებასთან ჩინურ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობაც განიხილა. თუმცა მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ჩინური ავტომობილების მასობრივმა შემოდინებამ შესაძლოა ამერიკის ავტოინდუსტრიას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
ამ ფონზე, აშშ-ში კვლავ განიხილება ინიციატივა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ჩინეთში წარმოებული ავტომობილების იმპორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად არსებული მაღალი ტარიფებისა და სავაჭრო ბარიერებისა, ჩინური ავტომწარმოებლების სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი და კონკურენტული ფასები გლობალურ ავტო ბაზარზე ძალთა ბალანსს მნიშვნელოვნად ცვლის, რის გამოც ამერიკული კომპანიები უკვე ახალ სტრატეგიებზე მუშაობას იწყებენ.