Ford Motor Company-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბილ ფორდმა – ლეგენდარული ჰენრი ფორდის შვილთაშვილმა – მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ელექტრომობილებთან დაკავშირებული პოლიტიკა. მიჩიგანში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას, ფორდმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება, გააუქმოს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ფედერალური სუბსიდიები, საფრთხეს უქმნის Ford-ის გეგმას ელემენტების ქარხნის მშენებლობის შესახებ, სადაც 1,700 სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო.
„არ არის სამართლიანი, როდესაც კომპანიები კონკრეტულ თამაშის წესებზე აფუძნებენ ინვესტიციებს და შემდეგ ეს წესები იცვლება. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ რეალურ ადამიანებსა და მათ სამუშაო ადგილებს,“ – აღნიშნა ბილ ფორდმა.
ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გააუქმოს მოქმედი “მწვანე” პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს ამოქმედდა. ბილ ფორდის თქმით, ელექტრომობილების მხარდაჭერა არ უნდა იყოს პოლიტიკის ნაწილი – ეს სამართლიანობის საკითხია და თამაშის წესების შეცვლა მხოლოდ ზიანს მოიტანს.
„თუ არ მოგწონთ ასეთი პოლიტიკა – გააკრიტიკეთ, მაგრამ ნუ გააუქმებთ უკვე დაკისრებულ ვალდებულებებს და ინვესტიციებს,“ – თქვა ფორდმა.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხში ბილ ფორდის პოზიციას იზიარებენ Ford-ის კონკურენტი კომპანიებიც – General Motors, Hyundai, Toyota და Volkswagen-ი. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ინვესტიციები ელექტრომობილების მიმართულებით დაფუძნებული იყო მოქმედ კანონებზე და მათი მოულოდნელი გაუქმება ბიზნესის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.