LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია დუმბაძე და მასტერი ახალი სიმღერით „ოქროს ტალღის“ ორ ნიმინაციას უმიზნებენ (ფოტო/ვიდეო)

1762
master-dumbo-clip

გიორგი პავლიაშვილის, იმავე მასტერისა და ნათია დუმბაძის ერთობლივი სიმღერა „არ უყურო დროს“ ახლახან გამოვიდა და მისი პრემიერა „ფორტუნა პლუსზე“ შედგა, 4 ივლისს კი, „ელ ცენტროში“, დუეტმა მედია და კოლეგები კლიპის პრეზენტაციაზე მიიწვია.

საღამოს წამყვანმა თიკა ფაცაციამ სიმღერისა და კლიპის შექმნის მოკლე ამბავი გაგვაცნო და შეკრებილებს სოციალურ ქსელში აქტიურობისკენ მოგვიწოდა. „გვინდა, ყველამ გაიგოს, რომ ასეთ კარგ სიმღერაზე კლიპის პრემიერა შედგა“, აღნიშნა მან და სცენაზე მასტერი და ნათია მიიხმო, რომელთაც კლიპი წარადგინეს.

ვიდეორგოლი საზაფხულო ჰიტზე ასეთივე ჰიტური გამოვიდა. კლიპის რეჟისორი თავად მასტერია, მასვე ეკუთვნის სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც. სიმღერის პირველივე ნოტებიდან მას მთელი შეკრებილი საზოგადოება აჰყვა. ტექსტიც და მელოდიაც იმდენად დასამახსოვრებელია, რომ კლიპის მეორედ ჩართვის შემდეგ მას უკვე ყველა მღეროდა.

 

ვიდეორგოლის პრემიერის შემდეგ ცოცხალი შესრულების დრო დადგა. სცენაზე ჯერ სალომე ბაკურაძე ავიდა ბენდ „გრუვერსის“ თანხლებით, შემდეგ თავად საღამოს ერთ-ერთ გმირი ნათია დუმბაძე, ხოლო სანამ მუსიკალურ ესტაფეტას მასატერს გადასცემდა, რომელიც საკუთარ ბენდთან ერთად ემზადებოდა სცენაზე ასასვლელად, მათ ერთობლივად შეასრულეს ახალი სიმღერა.

ნათია დუმბაძე:

„ძალიან მინდოდა, რომ როგორც სიმღერას ჰქონდა ძალიან მაგარი გამოხმაურება, ასეთივე ჰქონოდა ვიდეოსაც და საზოგადოების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა. მგონი, გამოგვივიდა და ხალხი აიტაცებს. მგონი, გამოვიდა საზაფხულო ჰიტი. უკვე ვფიქრობთ მეორე დუეტზეც“.

მასტერი:

ვეცადე, რომ კარგი გამოსულიყო. სპეციალურად არ დავმჯდარვარ, რომ ჰიტი გამეკეთებინა. როცა მზადდებოდა, ნათიას გადავუგზავნე და შევთავაზე, რომ ერთად გვემუშავა ამ სიმღერაზე.

რაც მთავარია, ძალიან მალე გავაკეთეთ ყველაფრის ორგანიზება. თვენახევრის წინ დავწერე ეს სიმღერა, ეგრევე ჩავწერეთ პაატა სილაგაძესთან და დღეს უკვე კლიპის პრეზენტაცია გვაქვს. ნათიამაც ხელი შემიწყო. ძალიან კომფორტული გგოოა, როგორც მეგობრობაში, ასევე პროფესიონალიზმის კუთხით.

ვფიქრობ, საზაფხულო ჰიტი იქნება და ვუმიზნებთ „ოქროს ტალღაზე“ ორ ნომინაციას, წლის დუეტს და წლის კლიპს (იღიმის).

თიკა ფაცაცია:

რაღაც პერიოდია, ჩამოვშორდი შოუბიზნესურ აქტივობებს (იღიმის). სენსორები აღარ მაქვს ისეთ მდგომარეობაში, მაგრამ როგორც აქ რეაქციით ვნახე, ხალხს ძალიან მოეწონა. მგონია, რომ ეს სიმღერა გაჰიტდება.

გვანცა დარასელია:

მართლა ძალიან მომეწონა. პირველ რიგში, მიხარია, რომ ეს წვეულება არის შოუბიზნესის კარგი გამოცოცხლების ნიშანი. ნათია მიყვარს ძალიან. ჩემი მეგობარია და მიხარია, რომ აქტიურად დგამს ნაბიჯებს წინ. რეპისა და პოპის ახალი კომბინაციაა და კლიპიც ძალიან კარგია. ისეთი სიმღერაა, აგეკვიატება.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

ამ სიმღერის ნათლია ვარ და ჩათვალეთ, რომ ამ ზაფხულის ასპროცენტიანი ჰიტია. პირველ რიგში, არანჟირებაა ძალიან სწორად გაკეთებული, გემოვნებიანად და მარტივად უკრავს, დრამი არის გადასარევი, აცეკვებს ყველა ასაკის ადამიანს. ტექსტი არის ძალიან კარგი. დავიღალეთ ამდენი სიღრმისეული სიმღერით და ცოტა გართობა გვინდა ჩვენც (იღიმის).

მას შემდეგ, რაც კლიპის ტელეპრემიერა შედგება, მას უკვე „იუთუბის“ საშუალებით ფართო საზოგადოება იხილავს.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები