LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელი მარკის მანქანით მოხვალ, ეს ჩემს შეხედულებას ადამიანზე არ შეცვლის“ – ანატოლი ბოისა სტუმრად „ვიზიტორში“

12
boisa2021

რადიო  „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელმაც თვითიზოლაციის პერიოდსა და საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შესახებ ისაუბრა.

როგორი იყო შენთვის პანდემიის პერიოდი?

ძალიან რთული იყო, კედლებზე გავდიდი, ბოლოს შვილთან ერთად ვარჯიში დავიწყე. ახლა უკვე ვარჯიშები და ჩემპიონატები ყველა რეგულაციის დაცვით განახლდა, თუმცა ეს მხოლოდ პროფესიონალებში. ძალიან სამწუხაროა, ახალგაზრდა თაობას არ ეძლევა ვარჯიშის საშუალება. ასევე რთულია გულშემატკივრების გარეშე თამაში, მაყურებელი ხომ დამატებითი მოთამაშეა, რომელიც მუხტს გიქმნის და გაძლიერებს.

თვითიზოლაციის პერიოდში რაიმე ახალი ხომ არ აღმოაჩინე საკუთარ თავში ?

საჭმლის კეთება მე ზოგადად ძალიან მიყვარს, იმ პერიოდში, როდესაც მთელი საქართველო ჩაიკეტა, კერძების კეთება უფრო აქტიურად დავიწყე. ძალიან გემრიელად ვამზადებ კარბონარას, ბოლონეზეს, ბრინჯს ქათმითა და ბოსტნეულთ. ახალი რაც გავაკეთე ამ პერიოდში ისაა, რომ ჩემს შვილთან ერთად ყოველ დილას დავიწყე სახლიდან გასვლა და ვარჯიში. თუმცა მე ისადაც აქტიური მამა ვარ, ასე რომ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

ბევრ რეალითი შოუში მიგიღია მონაწილეობა, მაგალითად „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ზოგადად მაღალ ადამიანებს უჭირთ ცეკვა, შენ შემთხვევაში როგორ იყო?

როდესაც მივედი, მეგონა, რომ სახალისო იქნებოდა, მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ დავაფასე მოცეკვავეების შრომა.

რა არის შენი პროფესია?

საბაჟო სამართალი მაქვს დამთავრებული. ისე, რა თქმა უნდა სპორტსმენი ვარ. ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა რა გაქვს დამთავრებული, უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს, თუმცა განათლებაც აუცილებელია.

შენი აზრით, როგორ არის განვითარებული საქართველოში კალათბურთი?

ჩემი აზრით, კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული, ეროვნული ნაკრები დამაჯერებლად ასპარეზობს ევროტურნირებზე, ჩვენს ჯგუფში ისეთი გუნდებია, როგორებიც  შვეიცარია, ფინეთი და სერბეთია, სერბეთი მართლაც მსოფლიო დონის გუნდია და ასეთ კონკურენტებთანაც კი მოწინავე პოზიციებზე ვიმყოფებით.

როგორია იყო სელებრითი კალათბურთელი?

ზოგადად სიტყვა „სელებრითი“ არ მომწონს.  სხვა კალათბურთელებზე მეტად პოპულარული ალბათ იმიტომ ვარ, რომ სიახლეებს არ გავურბივარ, უარს არაფერზე ვამბობ, ამიტომაც მიწვევენ ხშირად გადაცემებში. თუმცა, ამ ყველაფრის გამო არ უნდა აგივარდეს თავში, ცხვირი არ უნდა ასწიო.

შენს შვილზეც გვესაუბრე…

დათა 8 წლისაა, 4 წლიდან დადის კალათბურთზე, დადიოდა ცურვაზე, ფეხბურთზე და ტანვარჯიშზე. ჩემი აზრით, სპორტი ბავშვს ძალიან ბევრ უნარს უნვითრებს, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება. ახლა ბავშვებს ძალიან რთული პერიოდი აქვთ, ონლაინ სწავლება არ არის მარტივი.

რას უსმენს ანატოლი ბოისა?

ყველაფერს, რაც კარგ განწყობას მიქმნის, ვუსმენ რადიოს, მიყვარს ქართული სიმღერები. მე და ჩემი შვილი მანქანაში ძალიან  ხშირად ვმღერით ხოლმე ქართულ სიმღერებს. დათა სწავლობს ინგლისურს, სახლში ქართულად ვსაუბრობთ, ჩემს მშობლებს კი ვთხოვე, რომ მას რუსულად ესაუბრონ, ასე რომ რამდენიმე ენაზე გვაქვს კომუნიკაცია.

აქცევ თუ არა ყურადღებას ტანსაცმლის ბრენდებსა და მანქანის მარკებს?

ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მარკის მანქანით მოხვალ, ეს ჩემს შეხედულებას ადამიანზე არ შეცვლის.

მთა თუ ზღვა?

მთაც მიყვარს, განსაკუთრებით რაჭა, მაგრამ ზღვას არაფერი მირჩევნია, უმეტესწილად სითბოს ვანიჭებ უპირატესობას და მიყვარს ძალიან ცურვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები