„ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეწყვილე იყო“ - ოთო ფოლადაშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოცეკვავე, ოთო ფოლადაშვილი, რომელიც გადაცემაში არაერთ საინტერესო თემას შეეხო.

როგორ გაიარე პანდემიის პერიოდი?

ვერ გეტყვი, რომ რთული იყო ძალიან ეს პერიოდი, ჩემ თავთან დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ ვრჩებოდი ხოლმე და პანდემიის დროს ამის საშუალება მომეცა, ვიმუშავე საკუთარ თავზე. მე მაგისტრატურაზე ვსწავლობ და ლექციები არ გაჩერებულა. „ბიზნესის ადმინისტრირებას“ ვეუფლები. ეს დრო კარგად გამოვიყენე, უბრალოდ კონკურსების გარეშე ვიყავი. თუმცა 15 მარტს ორივე ფილიალი გავხსენით და იმედი მაქვს, რომ აღარც დაიხურება.

როგორ იწყებოდა შენი კარიერა?

5 წლის ვიყავი, ჩემი და დადიოდა ცეკვაზე და მშობლების მოსაცდელში ყოფნა მომბეზრდა. მესამე გაკვეთილზე უკვე ჩემით ვაკეთებდი მოძრაობებს. კონკურსზე ძალიან მალე გავედი ალბათ ერთ თვეში და იქიდან დაიწყო ყველაფერი, ვიგებდი კონკურსებს, სულ პირველ ადგილებს ვიკავებდი. 17 წლის ვიყავი, როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყო, მეც მასთან ერთად გავიზარდე, ეს პროექტი პირდაპირ ასოციაციაშია ჩემთან, მან უდიდესი საქმე გააკეთა სამეჯლისო და სპორტული ცეკვების განვითარებაში.

როგორია, როდესაც ახალბედა მოცეკვავესთან გიწევს მუშაობა და ურთიერთობა?

ეს ძალიან საინტერესოა, მთავარი არის შედეგი და ამ შედეგისთვის ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე. აქ ნერვები მეათე ხარისხოვანია. სულ ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ, სულ კარგი მეწყვილეები მხვდება ხოლმე.

გვესაუბრე ცეკვის სტუდიის შესახებ..

მე და ჯულიანამ გავხსენით სტუდია, პირველი სტუდია იყო საბურთალოზე, ის დღესაც ფუნქციონირებს. ჩვენ თავს არ ვზოგავთ და ვზრდით ჩემპიონებს. 5 წლიდან ვიღებთ მოსწავლეებს და ყოველ გაკვეთილზე ვცდილობთ შევიდეთ და პირდაპირი კონტაქტი გვქონდეს ბავშვებთან. უკვე ორი წელია ვარკეთილშიც გავხსენით ფილიალი, სადაც აქტიურად ვარჯიშობენ მომავალი ჩემპიონები. მოყვარულებიც გვყავს, სამსახურის შემდეგ დადიან ხოლმე და ეს მათთვის ერთგვარი განტვირთვაცაა.

შენს ცხოვრებაში, გარდა ცეკვისა ტელევიზიაც გამოჩნდა, როგორ დათანხმდი ამას?

რამდენჯერმე ვიყავი გადაცემა „პროფილში“ სტუმრად მიწვეული. შემდეგ მისმა პროდიუსერმა, ნიკა ხაჩიძემ დამირეკა და მკითხა, რა აზრის ხარო, ახალი არხი იხსნება და რას იტყვი ჩვენთან თანამშრომლობაზეო. ძალიან გამიხარდა, ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება იყო. ის პერიოდი, სამი წელი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერიოდი იყო. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ ტელევიზიაში.

ძალიან იშვიათად იწერება ხოლმე შენს პირად ცხოვრებაზე..

არ მიყარს ხოლმე პირადზე საუბარი, თუმცა ხშირად არის ამაზე კითხვები. მგონია, რომ როდესაც რაიმეს აფიშირება გახდება საჭირო, ამას ყველა გაიგებს. არც იმას ვიტყვი, რომ მარტო ვარ.

თუ შეგყვარებია შენი ცეკვის პარტნიორი?

კი შემყვარებია, ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეწყვილე იყო. თუმცა, ეს არ არის დამოკიდებული თუ რისი ცეკვა გიწევთ ერთად, ეს ორი ადამიანის ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

პანდემიის დროს ძალიან ბევრი საინტერესო ტიკ-ტოკ ვიდეო ჩაწერე..

დიახ, ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს, მილიონამდე ნახვებიც ჰქონდა, თუმცა მე ტიკ ტოკერი არ ვარ. ეს უბრალოდ გართობა იყო. ახლაც ვიღებთ ხოლმე სტუდიაში პატარა ვიდეოებს.