LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ოჯახში სრული მატრიარქატია და ეს მე მომწონს, კარგია, როცა ოჯახში ქალები დომინირებენ“ – ანრი ჯოხაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

24
vizitorianrijokhadze

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა ვიზიტორის სტუმარია მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც გაიხსენა ბავშვობა და  კარიერაში რთული პერიოდზეც ისაუბრა.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორი იყო ანრი ჯოხაძის ბავშვობა და შეცვლიდი თუ  არა რაღაცებს?

ძალიან ნათელი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, არაფერს შევცვლიდი, რაც შეეხება ყმაწვილობას, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, საყოველთაო გაჭირვების მსხვერპლნი ვიყავით. ჩემი ბავშვობის მოგონებები დღემდე რაღაც განსაკუთრებულ გრძნობებს აღმიძრავს. როგორც ყველა ბავშვი, ბავშვობაში მე და ჩემი და-ძმა ერთმანეთს ვხოცავდით, მე და ჩემი ძმა ფაქტობრივად ტოლები ვართ, სულ საბრძოლო განწყობა იყო, სახლი დალეწილი იყო მუდამ და აი რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დედაჩემი მშვიდად უყურებდა ამ ყველაფერს და რეაქცია არ ჰქონდა. გამოიტანდა ხოლმე ნაჯახს და გვეუბნებოდა, აი შვილებო, დაკალით ერთმანეთიო და ჩვენ ამის ისე გვრცხვენოდა და ვმშვიდდებოდით. ახლა ჩემს ოჯახში სრული მატრიარქატია, დედა, და და დის შვილი, მე ვარ მხოლოდ ერთადერთი მამრობითი სქესი. სხვათა შორის, ეს მე მომწონს, კარგია, როცა ქალები ოჯახში დომინირებენ. სახლში მე არავის ვაწუხებ, არ მაქვს პატრიარქალური მოთხოვნები, რომ ქალები უნდა მემსახურებოდნენ, თავად ვაუთოვებ ტანსაცმელს.

ანრი, შენს პოპულარობაზე გვესაუბრე…

ჩემს პოპულარობაში დიდი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩემი ცნობადობა მე სხვებზე წინ არ მაყენებს. მიხარია, რომ დღეს ახალი თაობა, რომელსაც მუსიკის კეთება უნდა, აბსოლუტურად თავისუფალია, მაშინ არ იყო არაფერი, მაშინ შენ გარკვეულ წრეებში უნდა მოხვედრილიყავი. ფსევდო-სნობურ, ცოტა მახინჯ „ტოუსოვკებზე“ უნდა ამოგეყო თავი, რომ ვიღაცას  ეღიარებინე. დღეს არსებობს თავისუფალი სივრცეები. რასაც გააკეთებ, შეგიძლია გამოფინო. მაშინ ძირითადად ფულიანი მამიკოს შვილები იყვნენ, როგორი დამთრგუნველი იყო 20 წლის ანრისთვის ეს ყველაფერი, რომელსაც მამა საერთოდ არ ჰყავდა. ყოფილა ბევრი კონცერტი, სადაც დავუბლოკივარ. არც კი ვიცი, ამ რაოდენობით დაბლოკვები ჩემზე მეტად ვინმეს თუ შეხებია. კონცერტებიდან მაპანღურებდნენ, არადა პროგრამაში ჩასმული ვიყავი, მიბრუნებდნენ დისკს და მეუბნებოდნენ, შენ არ იმღერებო. მაგრამ მე არ მქონდა უკან დასახევი გზა. მე მუდამ ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ხალხში აღიარება არასდროს მაკლდა. იცი რა, მე არ მინდა საკუთარ თავზე ვისაუბრო მსხვერპლის პოზიციიდან. მე გულის სიღრმეში მადლობელი ვარ იმ ადამიანებისა, რომლებიც ასეთ დაბლოკვებს მიწყობდნენ. დედა მუდამ მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ მთავარია მე ვყოფილიყავი პროფესიონალი და ჩემ აღიარებას აუცილებლად მივიღებდი. ჯიბრით არასდროს არაფერს ვაკეთებდი და არც ახლა ვაკეთებ.

ანრი, შენ არაერთი სკანდალური ნამუშევრით შემოხვედი შოუბიზნესში…

ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე სკანდალური იყო, ეს ნამუშევრები უფრო სოციალური თემატიკის იყო. ქვეყანაში, სადაც ქმრები ქალებს აქტიურად სცემენ…

ახლა შენ პრაიმშოუს წამყვანი ხარ, გვესაუბრე ამაზე…

ჩემთვის ძალიან საინტერესოა სატელევიზიო ცხოვრება, ,,პრაიმ შოუ”. სულაც არ არის საჭირო ჟურნალისტობა, გადაცემის წაყვანისათვის. ეკრანზე მე ის ვარ, რაც რეალურ ცხოვრებაში.

შენზე ყველა ფიქრობს, რომ ამბიციური  ხარ და ყველას ზემოდან უყურებ…

კი ამბიციური ადამიანი ვარ და ამით ვამაყობ, ამბიცია საჭიროა, უბრალოდ ჩემი ამბიციით არავინ შემიწუხებია. სხვათა შორის მუსიკას ინდუსტრიული კუთხით არ ვუდგები, განწყობის ადამიანი ვარ.

როგორც ვიცი იყო გარკვეული ინციდენტი, ერთ-ერთ მომღერალთან…

უთანხმოება არავისთან მომსვლია, მე არასდროს არანაირი ავტორის სიმღერა არ მიმითვისებია, არ ჩამიწერია უნებართვოდ, მე ამ საკითხთან დაკავშირებით არასდროს კითხვა არ მქონია, თუ ვინმე განაწყენდა, თავად გაარკვიოს. იყო რაღაც გაუგებრობა… მე ჩემს ძვირფასს დროს არ ვუთმობ გარჩევებს.

პანდემიის დროს რაიმე ახლი თუ შექმენი?

საახალწლოდ გამოვუშვით სიმღერა, მერე არაფრის კეთების დრო დადგა. ახლა მე და გია ნიკოლაძემ „ნიკოლშოუს“ ჰიტი „ზოგი ასე უბერავს “გავაცოცხლეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები