LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ჯგუფს დაუდგა ისეთი კრიზისი, რომელიც პირდაპირ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული“ – გურამ ლომიძე სტუმრად „ვიზიტორში“

12
გურამ-ლომიძე

გადაცემის LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ მომღერალი, გურამ ლომიძე სტუმრობდა, რომელმაც კარიერის საწყისები გაიხსენა, სამომავლო გეგმებსა თუ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და სიმღერაც დააპრემიერა. 

„მივუძღვენი ჩემს ახალ ლოვეს…“ – გურამ ლომიძეს ახალი რომანი აქვს

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორი იყო გურამ ლომიძის ბავშვობა?

90-იანი წლები იყო, ვიყავი ძალიან ცელქი, ბევრჯერ მაქვს თავი გატეხილი, შარიანი არასდროს ვიყავი, თუმცა შარი ყველგან თან მსდევდა. მიყვარდა სიმღერა. ბავშვობიდან ვმღერი. ბაღის მასწავლებელი მოვიდა და დედაჩემს უთხრა, ეს ბავშვი კარგად მღერის და მიიყვანეთ სიმღერაზეო, 3 წლის ვიყავი. ბაბუაჩემს დავყავდი ფანდურზე, სალამურზე, გიტარაზე, სიმღერაზე, 7 წლის ასაკში მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს. ფორტეპიანოზე და სამეჯლისო ცეკვებზე ჩამრიცხეს. დავამთავრე შვიდწლედი. შემდეგ დაიწყო დაიწყო ძველბიჭობის პერიოდი. ამ მუსიკალურ ამბავს ხელი არ შეუშლია ძველბიჭობისთვის. რაც შეეხება ცეკვას, არ მაინტერესებდა, თუმცა ქორეოგრაფია გამომადგა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებში“. შემდეგ აირია სიტუაცია, საჭმელი არავის ჰქონდა, ყველა ქურდობდა და მეც საძმოს წევრი ვიყავი, ერთხელ  ჩემი მეგობრები დაიჭირეს და დედაჩემმა მითხრა, რომ შენ აქ აღარ იცხოვრებო და გამიშვეს ბორჯომში. შემდეგ „კავეენში“ სახელი გავითქვი, შემნიშნა ზურა ხაჩიძემ და „დამითრია“.

თუ მიგიღიათ მონაწილეობა „უბნურ ამბებში“,  ცუდ საქმეებში და თუ ნანობ?

მოდი, კარტებს მთლიანად ნუ გავშლით, შეიძლება, ძველი ისტორიები ამომიქექონ. რასაკვირველია, კი, სერიოზული არაფერი ჩამიდენია, თუმცა რაღაცები ყოფილა, არაფერს ვნანობ, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა, ქუჩაში ავტომატებით დარბოდა და ისინი არ ნანობენ, პარლამენტში გვისხედან ახლა.

„ქუჩის ბიჭების“ პერიოდი გაიხსენეთ…

ეს პერიოდი იყო ენთუზიაზმით სავსე, თუმცა, ძალიან დიდ გაჭირვებაში ვიყავით, შემოსავალი არანაირი არ იყო. მაშინ ჯგუფთან ერთად ორი გოგო ცეკვავდა, სამცხე-ჯავახეთში კონცერტებს ვატარებდით ხოლმე. იქ ძალიან პოპულარულები ვიყავით. როცა ხალხს ბილეთის ფული არ ჰქონდა, ზოგს კარტოფილი მოჰქონდა, ზოგს – კვერცხი. სხვათა შორის, ზურა ბავშვთა ფედერაციაში მასწავლებელი იყო, ცეკვას ასწავლიდა. პირველი წარმატება დაიწყო თბილისიდან. ვიქირავეთ ბინა, მამაჩემი საჭმლის ფულს გვაძლევდა. ჩავწერეთ პირველი სიმღერები, „ფულის ძალა“ და „სიზმარი“, გიორგი მშვენიერაძემ „საქართველოს ხმაში“ მიიღო ჩვენი სიმღერა. პირველი კონცერტი იყო „ფლეშთან“და „სეთთან“ ერთად. ეს იყო ჩვენი პირველი გამოსვლა ფართო არენაზე დ აქედან დაიწყო ჩვენი აღმასვლა. ჯემალ სეფიაშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენ შემოქმედებაში, როდესაც დაგვიძახა ჰიმნში „გიხაროდენ“.

თავში ავარდნის პერიოდი თუ გქონიათ?

სწორედ ამით გამოვირჩეოდით, რომ თავში ავარდნის მომენტი არ გვქონდა. არ ვთაკილობდით ხალხთან ურთიერთობას, ქუჩაში ფეხით დავდიოდით, მეტროთი ვმგზავრობდით. ჯგუფ „სახესა“ და ჩვენ შორის  ჯანსაღი კონკურენცია იყო. ისინი გვისწრებდნენ, მათ ბევრი ჰიტი დადეს. ზოგადად ჩვენ, „ქუჩის ბიჭების“ წევრები ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. სულ ერთად ვიყავით, შემდეგ ნათესაურ კავშირში გადავიდა ეს ყველაფერი, მე პაატას და ზურას ბავშვების ნათლია ვარ, ჩვენი ცხოვრება მჭიდროდ დავუკავშირეთ ერთმანეთს, ზოგი სად მუშაობს, ზოგი – სად, თუმცა მაინც ვახერხებთ ყველაფერს. წელიწადში 2-3 სიმღერას ვწერთ ხოლმე.

რატომ მიიღეთ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება?

ჩვენს ჯგუფს დაუდგა ისეთი კრიზისი, რომელიც პირდაპირ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული, ჩაგვკეტეს, კონცერტების გამართვის საშუალება არ იყო, შემოსავალი არ იყო. ბიძაშვილმა მოწვევა გამომიგზავნა და ბიჭებს ვუთხარი, მე წავედი-მეთქი. არეულობა დაიწყო და გავფრინდი. მიუხედავად იმისა, რომ იქ ყველაფერი დამხვდა, სამსახური, სახლი, მანქანა, მაინც ვერ გავძელი და დავბრუნდი, თუმცა შემდეგ კიდევ წავედი.

როგორც ვიცი, რაღაც პატარ-პატარა ბიზნესები დაიწყეთ…

ბიზნესს ვერ დავარქმევდი, ღვინოზე ვარ შეყვარებული, გადავწყვიტე, რომ ვაზი გამეშენებინა, წელს 1000 ძირი ჩავყარე და ნელ-ნელა მინდა, რომ ჩვენი სახეობის ღვინო გამოვუშვა. უკვე საფერავი ჩამოვასხი, „ქუჩის ბიჭები“ ჰქვია. მარანი მინდა გავაშენო, ასევე სადეგუსტაციო ცენტრი. ვერ ვწყდები აქაურობას, ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ მე ვარ პატრიოტი ქართველი.

მინდა შევეხო თემას, – ხატია და გურამი, როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

ამ თემას ვერ გავურბივარ ხოლმე. ხატიას კონცერტები მიჰყავდა, რადიოწამყვანი იყო, ხატია ჯგუფის სხვა წევრებსაც დაუმეგობრდა. კარგი პერიოდი იყო. რა შემიძლია ვთქვა,  უმაგრესი ბიჭი გვყავს, კარგად სწავლობს და კარგი მომავალი აქვს. რაც შეეხება პრესას, ჭორებს, ზოგადად ჩემს ინტერვიუებს არ ვკითხულობ ხოლმე, ჭორებს არ ვყვები.

როგორც ვიცი, 24-ში „ქუჩის ბიჭებს“ კონცერტი გაქვთ.

24 ივნისს, ბათუმში, კლუბ „სოჰოში“ კონცერტი გვაქვს,  ამით ვხსნით სეზონს. ყოველ კვირას იქნება კონცერტები. იქნება დუეტებიც.

ივანა მელაისთან რომანზეც გკითხავთ…

კი, ძალიან ბევრი გამოვიარე, პატარა ბავშვი აღარ ვარ, თუმცა სასაუბროდ ამ თემას არ ვეხები ხოლმე.

საუბრობენ თქვენს ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამბობენ, რომ ახლა თქვენ გვერდით ულამაზესი ადამიანია, როგორ შეხვდით ერთმანეთს?

დიდი მადლობა შეფასებისთვის. ყველაფერი მთავრდება და იწყება, თუმცა ჯობია, რომ დასასრული არ ჰქონდეს. მოდი, ჯერ არ ვისაუბრებ ამ თემაზე. გეტყვით, რომ ჩემი სიმღერა მას ძალიან მოეწონა, ძალიან დადებითად შეაფასა. ერთი სული ჰქონდა, როდის დავაპრემიერებდი, ახლა უსმენს. ეს სიმღერა მონატრებულზე მომივიდა მუზად, ეს არის ჩემი პირველი საავტორო სიმღერა. მივუძღვენი ჩემს ახალ ლოვეს. სიმღერა ჩავწერე ამერიკაში, 7 თვეა დაკონსერვებული მაქვს, შენ რომ დამირეკე, გამახსენდა.

სიმღერას ჰქვია, „არასოდეს დაივიწყო“, რა იგულისხმეთ არ სიტყვებში?

ანუ არასოდეს დაივიწყო ჩემი სითბო, სათაური ცოტა შევამოკლე. ამ სიმღერაში პირველად ვრეპავ. კლიპის გადაღებაზეც ვფიქრობ, ალბათ, ახლო მომავალში გადავიღებ, უბრალოდ, არ ვიცი, ჯერ რა მიმართულება მივცე რგოლს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები