LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი დოზითაა სიყვარული ჩემს ცხოვრებაში… შეყვარებული ნინო მუდამ ბედნიერია“ – ნინო გაჩეჩილაძე სტუმრად „ვიზიტორში“

16
ninogachehiladzenews

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელმაც პანდემიასა და კარიერაზე ისაუბრა.

როგორი იყო შენთვის ერთწლიანი პანდემიის პერიოდი?

ამ თემაზე საუბარი წარსულში ჯერჯერობით ნაადრევია, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდი ჩემთვის გრძელდება. ისევ გვიკეთია პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები, ვიცავთ დისტანციას. გუშინ ანტისხეულებზე გავიკეთე ტესტი და აღმოჩნდა, რომ არ მაქვს გადატანილი. პანდემია არ დამთავრებულა, სანამ 60% არ ავიცრებით, საშიშროება სულ იქნება. სატელევიზიო სერიალი, რომელშიც ვმონაწილეობ, არ შეჩერებულა, ვაგრძელებთ მუშაობას, 18 მარტიდან მე-17 სეზონი გავიდა. რაც შეეხება თეატრს, მარჯანიშვილის თეატრში ვარ და ის უკვე გაიხსნა, თუმცა ძალიან ბევრი პრემიერა დაგროვდა. ამ ეტაპზე მხოლოდ საპრემიერო სპექტაკლებია ჩანიშნული. იმდენად შეშინებული ვარ ხალხმრავლობით, რომ არც მინდოდა, რომ ჩემი სპექტაკლები დაწყებულიყო. კი რა თქმა უნდა სცენაზე დგომა ძალიან მენატრება, თუმცა ჩემთვის ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო მთავარია, ვიდრე ჩემი შემოქმედება. ზოგადად მსახიობის გამოკეტილი ყოფნა დეპრესიაში აგდებს. სახლში ყოფნის პერიოდი ძალიან გამიჭირდა, მეგონა დეპრესია მეწყებოდა, თუმცა ინტერნეტმა მიშველა, ჩავუჯექი დაგროვილ სერიალებს. ამ პანდემიას რაღაც დადებითი კუთხე ჰქონდა, გაგვაგებინა, რომ ერთმანეთის სიყვარული და გაფრთხილება, ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი რამე გადავაფასე ამ პერიოდში. დავაფასე ადამიანები ოჯახის წევრები ასჯერ უფრო მეტად შემიყვარდა.

ამ ეტაპზე თითქოს ცოტა ამოვისუნთქეთ, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები? 

თეატრში მხოლოდ დასატესტად დავდივარ, რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს“, ძალიან გამიხარდა გადაღებების დაწყება, მართალია, ამ სეზონზე ჩემი პერსონაჟი არ არის ძალიან დატვირთული, თუმცა ვიცი, რომ მას ხალი ურთიერთობა უნდა დაეწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ სისულელეს აკეთებს, ძალიან უყვართ ეს პერსონაჟი. განსაკუთრებით თინეიჯერებს.

როგორი გრაფიკი გაქვს ახლა?

ისეთი გადატვირთული არ ვარ როგორც ადრე, თუმცა გეტყვით რომ პილატესზე დავდივარ, ვცდილობ პანდემიის პერიოდი გამოვიყენო, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნო.

რა დოზითაა სიყვარული შენს ცხოვრებაში და ოგორია შეყვარებული ნინო?

ძალიან დიდი დოზითაა სიყვარული ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მიყვარს ადამიანები. რაც შეეხება პირადს, ამ ეტაპზე არ მყავს შეყვარებული, რომ მყოლოდა, ამას ყველა გაიგებდა. შეყვარებული ნინო მუდამ ბედნიერია.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები