LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, ის უბრალოდ დაცულია“ – მაია ასათიანი

4
maia-asatiani-vizitori-show

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომლემაც საოცრად გულახდილი და ემოციური ინტერვიუ შემოგვთავაზა.

დიდი ხანია ინტერვიუ არავისთვის მიგიცია, გვესაუბრე, გაგვიზიარე შენი ემოციები…

ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ახალი წელი  კალენდრიდან გავაქრე. მე ვმუშაობ, რომ დღესასწაული კვლავ მოვიყვანო ჩემთან. სამსახურში ნუცას გარდაცვალებიდან 40 დღეში გავედი, იქ, სადაც  14 წლიდან ვარ, ეს ტელევიზიაა. შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად, ჩემს დაბადების დღეზე დავდექი კამერების წინ და მეგონა, ვერ ვისაუბრებდი. როდესაც იმ კადრებს  ახლა ვუყურებ, ვხვდები რომ ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ახლა სარკეში ვიყურები, თითქოს უკვე  ცოცხალს ვგავარ, ერთადერთი ჩემი მზერა მყიდის ხოლმე. ვფიქრობ, მუდმივ დეპრესიაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე იბრძოლო და გამოხვიდე მდგომარეობიდან.

 

სოციალურ ქსელში, შენი მისამართით ძალიან ბევრი უარყოფილი ემოცია მოდიოდა, როგორ უძლებდი ამ ყველაფერს?

ეს ყველაფერი ძალას მაძლევდა, რომ მუდამ ტონუსში ვყოფილიყავი. აი მაგალითად, წერდნენ, რომ ორსულად ვიყავი, ყველაფერი თეთრი კაბით დაიწყო, შვებულებიდან გამოვედი და ცოტა მოსუქებული ვიყავი, თეთრი კაბა მეცვა და საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ორსულად ვიყავი,  მეორე ჭორი ის იყო, რომ თურმე გარდავიცვალე. თავიდან მაღიზიანებდა ეს ყველაფერი, ახლა მეცინება ხოლმე.

მე შემხვედრიან ქალები, რომლებიც გარდაცვლილი ბავშვების სახელით შვილს აჩენენ, ეს არ მიმაჩნია მართებულად. მე ეს ყველაფერი არ შემიძლია, მე შინაგანად, კვლავ შვილმკვდარი დედა ვარ.

რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა.

როგორი უფროსი მაია…

არ ვიცი, როგორი უფროსი ვარ, მაგრამ იცით, სიტყვა „მე“-ს არასდროს ვამბობ, ყოველთვის ვამბობ სიტყვას „ჩვენ“. ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი, ერთი დიდი ოჯახი, მრავალი წელია, რაც ერთად მოვდივართ, მეგობრებზე მეტი ვართ ერთმანეთისთვის. ხან ვმარცხდებით, ხან ვიმარჯვებთ, ხანაც ვკამათობთ, ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ვართ.

როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე სახლში?

მყავს ძალღი, ჰასკი, მას ნუცას მეტსახელი ჰქვია, დუდის ვეძახი. სხვათა შორის ის მე ძალიან  დამეხმარა მძიმე მომენტებში. გარდა დუდუსი კიდევ ორი ძაღლი მყავს, მალტეზი და შპიცი. ადრე კორპუსის სახლში ვცხოვრობდი, თუმცა, ნუცას შემდეგ მე იქ ვეღარ ვჩერდებოდი და ყველაფერი გავყიდე, ახლა ეზოიანი  სახლი მაქვს.

ვცხოვრობ მარტო და ზოგჯერ მაქვს ხოლმე მომენტები, როდესაც ხელში ტელეფონს ვიღებ, მსურს ნუცას დავურეკო და ვუთხრა,რომ მაგვიანდება, თუმცა, შემდეგ რეალობას ვუბრუნდებიმიყვარს სახლში ყოფნა და პიჟამაში ბოდიალი. არ ვარ იდეალრი კულინარი, თუმცა კერძების გაკეთება ვიცი, რადგან მარტო ვცხოვრობ,  გარეთ ვსადილობ ხოლმე. ბოლო პერიოდია ჯანსაღმა კვებამ გამიტაცა და ამას უკვე ჩემს გარეგნობაზეც ვამჩნევ.

საზღვარგარეთ რამდენად ხშირად დადიხარ?

როდესაც რეპორტიორი ვიყავი, ხშირად ვმოგზაურობდი, ახლა ნაკლებად დავდივარ, თუმცა, ჩემი უმცროსი და გერმანიაში ცხოვრობს და მასთან სტუმრად ხშირად ჩავდივარ ხოლმე.

მაია და ბრენდები…

ტანსაცმელში ძვირს არასდროს  ვიხდი, მივიჩნევ, რომ ის უნდა გემსახუროს შენ და არა შენ მას, ტანსაცმელია და გაცვდება. ისე კი ერთი ჩვეულებრივი, ფუფალა ვარ, ახლაც, ამ სიცივეში ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე მაცვია.

შენი ყველაზე სასურველი რესპოდენტი…

ძალიან მინდოდა ინტერვიუ  ვახუშტი კოტეტიშვილისგან ამეღო, თუმცა, სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, ასევე დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი ოპრას და რაც ყველაზე მთავარია, მსურს „ჰარი პოტერის“ დედას, ჯოან როულინგს გავესაუბრო.

მაია და მუსიკა…

მუსიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დილას მუსიკით ვიწყებ, ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით მოცარტი. შვიდწლედი მაქვს დამთავრებული და როცა მარტო ვარ, ვუკრავ ხოლმე.

რას ეტყვი ქართველ საზოგადოებას…

ყველას ვეტყოდი, რომ დავინახოთ პრობლემა, არ დავხუჭოთ თვალი. ჩვენ ყველა  ტოქსიკურ გარემოში ვცხოვრობთ, მხოლოდ სოციალური სამყაროთი ვარსებობთ და რეალობას ვეღარ ვამჩნევთ. არ შეიძლება ამ გარემოში დიდხანს გაძლება. ეს მარადიული წყევლა-კრულვა ყველგანაა. ჩვენ წესად, ბოღმის ფრქვევა ვაქციეთ. ასევე ძალიან მაღელვებს, როდესაც თინეიჯერებს ვუყურებ, ისინი გვერდგვერდ სხედან და ერთამნეთს მესიჯების საშუალებით ეკონტაქტებიან. ყველაფერი ვირტუალურ კომუნიკაციამდეა დაყვანილი.

და ბოლოს, ასეთი ჩვევა მაქვს, როდესაც ვინმეს ვემშვიდობები, „ნახვამდის“ ნაცვლად სიტყვას „მიყვარხარ” ვამბობ, ასეთ დროს დადებითად ვიმუხტები, ასე რომ მიყვარხართ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები