„ქალაქგარეთ მინდა საცხოვრებლად გადასვლა, მინდა ძროხა მყავდეს და მოვწველო“ - გიორგი ნიორაძე სტუმრად „ვიზიტორში“

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე, რომელმაც თავისი კარიერის საწყისებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორ დაიწყო შენი ჟურნალისტური კარიერა?

პირველ რიგში მინდა გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ რადიოში მოვხვდი, ძალიან მიყვარს რადიო, ჩემი ჟურნალისტური კარიერა სწორედ რომ რადიოთი დაიწყო. ზოგადად პროფესიით ექიმი ვარ, სამედიცინოზე ვსწავლობდი, მაშინ დიჯეობა ძალიან პოპულარული იყო, კასტინგზე გავედი და ასე მოვხვდი რადიოში. გავხდი რადიოს კორესპონდენტი ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა პირდაპირი ჩართვები დაიწყო. შემდეგ „რადიო იმედზე“ გადავედი, შემდეგ კი უკვე ტელევიზიაში შევაბიჯე და „რუსთავი 2“– ში დავიწყე მუშაობა. შემდეგ იყო ტელეკომპანია „მზე“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „ტელეიმედი“, ფაქტობრივად ყველგან ვიმუშავე, მთელი ჩემი სამეგობროც ჟურნალისტიკური სფეროდან არის. იმდენ დროს ატარებ ერთად რომ ასე გგონია, ერთად დაიბადე.

შენს სამედიცინო პროფესიაზე გვესაუბრე…

სხვათა შორის, ასე ერთიანად არ დამინებებია თავი ექიმობისთვის, რაღაც პერიოდები ვმუშაობდი, ახლაც რაღაც ტიპის შემხებლობები მაქვს მედიცინასთან, უფრო საექსპერტო კუთხით, ჯანდაცვის პროექტებში ვარ ხოლმე ჩართული. როცა აქტიურად არ ვიყავი ჟურნალისტიკაში ჩართული, იმ პერიოდში სამედიცინო სფეროში ვიყავი დაკავებული.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც ისეთი სტუმრები გყოლიათ, რომ საზოგადოების მხრიდან არც თუ ისე დადებითი შეფასებები გამოუწვევია, აი მაგალითად როდესაც თქვენ „ლიდერ ტივიდან“ გყავდათ მთავარი გმირები მოწვეული..

ზოგადად ვცდილობ ხოლმე, რომ კომენტარები არ ვიკითხო, ნებისმიერი ადამიანის მიმართ წერენ კარგსაც და ცუდსაც. საზოგადოებაში ყველანაირი მსმენელი არსებობს, არა აქვს მნიშვნელობა მდარეა ეს პროდუქტი თუ არა. იყო ჩვენს გუნდშიც ამაზე საუბარი, უნდა მოგვეწვია თუ არა აღნიშნული სტუმრები ეთერში და მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც თვლიდა, რომ უნდა მოგვეწვია ისინი.

შენზე საუბრობენ, რომ ძალიან გიყვარს ბრენდები და ცდილობ, სულ ტრენდული ტანისამოსი ატარო..

გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა რომ გითხრა, არ მიყვარს სამოსიო, მოგატყუებ. ყოფილა შემთხვევა, რომ საკუთარი გარდერობის განახლებაზე ძალიან ბევრი ფული დამიხარჯავს. შემდეგ  მივხვდი, რომ ამას ბედნიერება არ მოქვს, ახლა სხვა ჰობი გამომიჩნდა, ზოგადად, გუნება განწყობა ხშირად მეცვლება ხოლმე.

არაფერი არ იწერება ხოლმე შენს პირად ცხოვრებაზე, რატომ?

ეტყობა არ მაქვს ძალიან საინტერესო პირადი ცხოვრება. მყავს 16 წლის ვაჟი, ვარ განქორწინებული. ასეთია ჩემი ამჟამინდელი სტატუსი.

რა გეგმები გაქვს?

ტელევიზია ძალიან მიყვარს და ამ ეტაპზე არ ვაპირებ მას შევეშვა. რაც გეგმებს შეეხება, ქალაქგარეთ მინდა საცხოვრებლად გადასვლა და ფერმის გაკეთება. მინდა ძროხა მყავდეს და მოვწველო, ასევე თხები. მსურს ჩემი მეურნეობა მქონდეს.  ვარდები მინდა, ძაღლსაშენიც მინდა. ზოგჯერ ვფიქრობ, შუა ხნის კრიზისი ხომ არ დამეწყო მეთქი. დავფიქრდი, რა მომიტანდა ბედნიერებას და დიახ, მიწა და მასთან კონტაქტი გამაბედნიერებს, ძროხისა და თხების ყოლა გამაბედნიერებს და კიდევ ის ადამიანი, ვინც შემიყვარდება ძალიან და ვისაც შევუყვარდები.