LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუჩიდან მომყვებოდა ხოლმე, სახლის ნომერი გაიგო, კართან ვარდებს მახვედრებდა და ეკლებს აცლიდა“ – ეკა ჩხეიძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

19
vizitori

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ეკა ჩხეიძე, რომელმაც თეატრალურ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ განწყობაზე ხარ?

დაძაბული ვარ, გაფაციცებით ვაკვირდები მოვლენებს, ჯერ პანდემია ვერ გადავაგორეთ და ეს წამოგვეწია, პანდემია ჯობდა აშკარად.

მედეა ჩახავა ამბობდა თქვენთან მიმართებაში, ეკა ჩემს კვალავ აუცილებლად უნდა გაყვესო

კი ის ამბობდა, ჩემი ძარღვის გაგრძელება უნდა იყოო, მთელი ოჯახი ასე ვართ, ფანტაზია არ გვაქვს, ერთსა და იმავეს ვაკეთებთ, თუმცა ეს ტრადიცია ჩემმა შვილებმა დაარღვიეს, ჩემი ქალიშვილი მამის პროფესიას გაჰყვა და არის დიზაინერი, ის მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს, ბიჭმა რა გააკეთა საერთოდ ვერ მივხვდი, ფიზიკა მათემატიკა აირჩია. არც კი ვიცი როგორ მოვხვდი ამ სფეროში, არადა ექიმობა მინდოდა.

როგორი შეგრძნებაა, როდესაც ასეთი ოჯახის წარმომადგენელი ხარ

გაორმაგებული პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, ყოფილა შემთხვევა, რომ გარკვეული როლებიც კი გამიცხრილავს, აი მაგალითად, გუშინწინ დამირეკეს, რაღაც შემოთავაზება მაქვს და უარი ვთქვი, ვერა მეთქი, ვიცი რამხელაზე შემიძლია გადახტომა, მაქვს გარკვეული მუხრუჭი. არადა ჩემი ქალიშვილი საოცრად მებრძოლია, სანამ არ გააკეთებს, ვერ მოისვენებს

ვინ იყო ხოლმე შენი როლების პირველი შემფასებელი?

დედაჩემი, რომელიც საოცრად თეატრალია და რა თქმა უნდა, მამაჩემი, მერე უკვე ჩემი შვილი, რომელიც ძალიან კარგი შემფასებელია. თუმცა ალბათ ყველაზე კრიტიკული შემფასებელი სწორედ მე ვარ საკუთარი თავისთვის.

თუ მოუხსნიხართ როლიდან?

კინოში ყოფილა, კოსტიუმიც მქონია უკვე შეკერილი, ასევე თავადაც გამოვქცეულვარ, გულის ტკივილი ყოფილა, თუმცა არ ვარ ის ტიპი, რომ ზედმეტად ჩავძვრე სიღრმეებში.

თქვენ ხართ ხმა, რომელზეც თაობები გაიზარდა,

„რუსთავი 2“ -ში 25 წელი ვახმოვანე სერიალები, მაშინ ბუმი იყო სერიალების. სრულიად შემთხვევით დუტამ წამიყვანა, ხმები სჭირდებათო, ეს იყო პირველი სერიალი, „ბლანკოს ქვრივი“, შემდეგ მას მოჰყვა „გვადალუპე“, მე და დუტა ვახმოვანებდით, პატარა კაბინაში ვისხედით თვეობით.

გვესაუბრეთ ოჯახზე,

ჩვენ ვმეგობრობდით და არც კი ვფიქრობდი გათხოვებაზე, ეს ბედია ალბათ, მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხვდება ცხოვრებაში, მინიშნებებისაც მჯერა, ადამიანები ერთმანეთს ტყუილად არ ხვდებიან, ზოგისგან რაღაცას სწავლობ, ზოგისგან რაღაც გრჩება. მე და ჩემ მეუღლეს მეგობრული, ცივილური ურთიერთობა გვაქვს, 20 წელი ვიყავით ერთად. მობეზრებაში და კონფლიქტში რომ არ გადასულიყო, გავშორდით.

როგორც ცნობილია, იყო ადამიანი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევდა,

ის იყო ადამიანი, რომელიც ვეღარ აკონტროლებდა, რას აკეთებდა და როცა სადარბაზოში სროლა დაიწყო, მეზობელმა 112-ში დარეკა, შემდეგ შემაკავებელი ორდენი გამოიწერე. მგონი მიხვდა შემდეგ და გონს მოეგო. არ ვიცნობდი მას, ქუჩიდან მომყვებოდა ხოლმე, სახლის ნომერი გაიგო, ჩემს შვილს აჩერებდა სადარბაზოში. ვარდებს მახვედრებდა და ეკლებს აცლიდა, უეკლო ვარდები მომაქვს შენთვისო. ეს იყო ცუდი ამოჩემება.

ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს

ქალს უნდა ჰყავდეს ობიექტი, როცა უკვე სცენაზე დგახარ, სტიმულს ხალხი გაძლევს. სხვათა შორის, ქალები რომ ერთმანეთს ვეპრანჭებით, კაცი იქ რა მოსატანია.

თუ მიგიმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის?

ჯერ არა, თუმცა ხშირი სტუმარი ვარ ესთეტიკური ცენტრების, მაქსიმალურად ვცდილობ შევინარჩუნო, დავეხმარო… მიყვარს ინექციები თავის მოვლა, სახის მასაჟი.

მინდა ვისაუბროთ შენს გადაცემაზე, რომელიცფორმულაზე

გადიოდა ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, დაიწყო პანდემიის დროს, მაგრამ როგორც ბევრი რამ მთავრდება, დამთავრდა ესეც. „ფორმულაზე“ ფინანსური პრობლემები შეიქმნა, ეს გადაცემა მიეკუთვნებოდა „კომედი ჯგუფს“, მას ხუთი გადაცემა დაუხურეს, მოკლედ შეიქმნა გაურკვევლობა და სეკვესტრში მოვყევი, თუმცა კარგად მახსენდება და ძალიან გამომადგება მომავალში იქ მიღებული გამოცდილება.

საკმაოდ გულნატკენი სტატუსი დაწერეთ სოციალურ ქსელში

დიახ, დავწერე, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება მაინცდამაინც ორად უნდა იყოს გაყოფილი, არადა აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაღიზიანებს ადამიანები, რომლებიც არ ერკვევიან არაფერში და მაინც ექსპერტი ჰგონიათ თავები. აი ასეთ მძიმე პერიოდშიც კი ზოგი ახერხებს სისულელეების თქმას, რომ მაგალითად იმის, რომ ზელენსკი არის მიშისტი. მე უკრაინაში ნათესავები მყავს, ისევე როგორც მოსკოვში, ისინი აღშფოთებულები არიან.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე

სპექტაკლები აქტიურად დაგვეწყო, გვაქვს გეგმები, თუმცა მეშინია რამის თქმა წინასწარ, თვალი არ ეცეს, ჯერ არ ვსაუბრობ, ახლა ისეთი სიტუაციაა, ხვალ რა იქნება, არ ვიცით, ალბათ არ უნდა დაგეგმო არაფერი და უბრალოდ უნდა მიჰყვე ცხოვრების დინებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები