„თამაშს თავი დავანებე... ზოგჯერ ერთი დღე არის ხოლმე გადამწყვეტი“ - ნიკა გრიგოლია სტუმრად „ვიზიტორში“

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ნიკა გრიგოლია, რომელმაც თავის საქმიანობაზე ისაუბრა და წამყვანთან, გიგა ბატკუაშვილთან გადახდენილი სახალისო ისტორიაც გაიხსენა. 

როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი და როგორი ახალი წელი გქონდა?

შემეზღუდა თავისუფლება, თუმცა მაინც ვახერხებ ყველაფერს, ვიცავ თავს და სხვებსაც ვუფრთხილდები. ეს იყო ჩემი პირველი ახალი წელი, რომელსაც სტუდენტობის შემდეგ სახლში პირველად შევხვდი და ძალიანაც გამეხარდა. სულ რომ ვწუწუნებდი, რომ სახლში ახალ წელს ვერ ვხვდებოდი ხოლმე, ამ ახალ წელს ეს სურვილი ავიხდინე. პანდემიამ ჩემზე კი იმოქმედა, თუმცა მან სახლში მაინც ვერ დამაბა, რეგულარულად ვიტესტები. მე თუ ჩემ გოგონებთან – ცოლთან და შვილთან ერთად სადმე არ გავედი, კარავი არ გავშალე, სხვანაირად არ შემიძლია. ჩვენ დიდი ფუფუნება გვაქვს, ქალაქის ცენტრიდან ნახევარ საათში ბუნებაში შეიძლება თავის ამოყოფა. ყველაზე კარგად ბუნებაში ვისვენებ.  ჩემი ცხოვრების მთავარი მუხტი სწორედ ბუნებისგან მოდის. აი ჩემი მანქანის საბარგულში რომ ჩაიხედო ნახავ, დევს ნიჩაბი, კარავი, საძილე ტომრები, სულ გარეთ ვარ. მე თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ბუნებაში ვატარებ.

 

ძალიან ბევრი რამ შეიცვალა შენს ცხოვრებაში ჩემთან ბოლოჯერ სტუმრობის შემდეგ, გვიამბე ამის შესახებ

მეორედ დავოჯახდი, შემეძინა შვილი, ყველაფერი კარგადაა ყველა ჟანრში. რაც შეეხება საქმიანობას, „მთავარ არხზე“ ვმუშაობ, ყველამ კარგად იცით უკვე, ჩვენ დავიწყეთ შოუ „მთავარი ბიჭები“.

ძალიან სახალისო შოუ და თამაშები გაქვთ შენ, ვანიკო თარხნიშვილს და ილო ბეროშვილს,  ვინ იგონებს ამ ყველაფერს?

ბევრ რამეს ჩვენ ვიგონებთ, ზოგი თამაში უკვე არსებულია, ჩვენ სტუმრის მიხედვით ვარჩევთ ყველაფერს. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი უნდა იყოს სახალისო. ახალ იუმორისტულ შოუებში ძალიან ბევრი ახალი მსახიობია, ასევე სცენარისტები, აბა როდემდე უნდა იყო ძველი, ახალი ადამიანები ხომ ახალი „აბდეითები“ არიან. ძალიან ნიჭიერი გოგო ბიჭები გვყავს. მთავარ არხზე მუშაობა ძალიან კარგია, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი, გახსოვთ ალბათ, ვანო ჯავახიშვილმა შოუს სახელწოდება ხელით დაწერა კედელზე. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მუსიკალური კუთხითაც.

გიგა, შენთან დაკავშირებულ ისტორიას გავიხსენებ. ერთი ეთერის დროს მოინდომა ბატონმა გიგამ, რომ ჩემთან ერთად მოტოთი გაესეირნა, ოღონდ ძალიან გრძელი ფეხები აქვს და ასფალტზე ეხახუნებოდა.

რაიმე ახალი ნიჭი ხომ არ აღმოაჩინე თვითიზოლაციის პერიოდში?

თექვა ვისწავლე, აი მაგალითად დიჯეის პულტის ჩასადები შემიძლია მოგითექო.

როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემები გქონდა…

დიახ მქონდა, ვთამაშობდი, თუმცა ავდექი და ამაზე უარი ვთქვი. ეს ერთ დღეში არ მომხდარა, თუმცა ზოგჯერ ერთი დღე არის ხოლმე გადამწყვეტი.

რას გააკეთებ პირველს, როცა ეს ყველაფერი დასრულდება?

ილუზია არ მაქვს რომ პანდემია გაზაფხულზე დასრულდება. რაც მაკლია, ეს სხვა ქვეყანაში გაფრენაა. გამოვიცვლი გარემოს.