„ვფიქრობ, ძლიერი ქალი ვარ, არასდროს დავნებდები“ - თაკო მელიქიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“  სტუმარია რადიოწამყვანი და მომღერალი თაკო მელიქიშვილი, რომელმაც თავის პრობლემაზე ღიად ისაუბრა.

განწყობა არაჩვეულებრივი მაქვს და ძალიან მიხარია, რომ დღეს შენი გადაცემის სტუმარი ვარ, 20 წელზე მეტია, რაც ჩვენ ვმეგობრობთ, 17 წელია, რაც თანამშრომლები ვართ, თუმცა პირველი შემთხვევაა, რომ შენი რეიტინგული გადაცემის სტუმარი ვარ.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, შენ 90-იან წლებში გამოჩნდი საზოგადოებაში, გაიხსენე რა და როგორ იყო?

ბავშვობა ძალიან კარგი და ფერადი მქონდა, შემდეგ იყო ბევრი კონცერტი, რუსთაველის თეატრში ორი საქველმოქმედო კონცერტი მქონდა, შემდეგ „მე-2 არხზე“ გადაცემა „სკოლა“ მიმყავდა, პარალელურად თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი.

როგორ განვითარდა შემედგ ყველაფერი, ახლა რესტორნებში მღერი?

ახლა აღარ იმართება კონცერტები, როცა რესტორანში მღერი, ამაში არაფერი ცუდი არ არის, ეს არის ჩემი მთავარი ფინანსური წყარო. როცა გიყვარს სიმღერა, ხალხთან ურთიერთობა  არ აქვს მნიშვნელობა ეს სად ხდება, სადაც არ უნდა იმღერო, ყველგან ბედნიერი ხარ. ხალხისგან საოცარი სითბო მოდის, უამრავ თბილ სიტყვას მეუბნებიან, ეს საოცარი შეგრძნებაა, თუმცა კარგი იქნება, თუკი მეტი გასაქანი და სტიმული გვექნება ხელოვან ადამიანებს. პირველ რიგში ხალხს მადლობა, ახლა დავრწმუნდი, რომ ადამიანებს ვუყვარვარ, ბოლო დღეებია საოცრად ბედნიერი ვარ.

თაკო ნაადრევად დაოჯახდი, გვესაუბრე ამის შესახებ..

დიახ ასე მოხდა, ადრეულ ასაკში დავოჯახდი და მალევე დასრულდა ეს ყველაფერი, თუმცა, არაჩვეულებრივი გოგონა მყავს პირველი ქორწინებიდან, ჩემი ლიზიკო, რომელიც ჩემი მეგობარი და მესაიდუმლეა და როდესაც ცხოვრებაში გადაწყეტილება უნდა მივიღო, ყოველთვის მას ვეკითხები,  ის საოცრად მიზანდასახულია და ძალიან ბევრს მიაღწევს, მეტს, ვიდრე მე მივაღწიე. შემდეგ იყო მეორე სიყვარულის ისტორია… იცით, მთავარი შვილებია ამ ცხოვრებაში.

როგორია შეყვარებული თაკო?

იცი რა, მე სულ მიყვარს, ცხოვრება მიყვარს, ადამიანები მიყვარს, ჩემი შვილები მიყვარს და ეს ყველაფერი მაბედნიერებს. რაც რეპერტუარს შეეხება, დიახ სევდიანი სიმღერები მაქვს, სხვათა შორის, ძალიან ცოტა სიმღერა მაქვს, რომელიც პირადად ჩემთვის დაიწერა.

ფიქრობ თუ  არა, რომ ცხოვრებაში გაგიმართლა?

კი, ვფიქრობ რომ გამიმართლა ცხოვრებაში, მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, ვარ ბედნიერი, მაქვს ჩემი საქმე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მყავს ჩემი მსმენელი და მაყურებელი, რომელსაც ვუყვარვარ და ეს არის დიდი ბედნიერება. მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი მაქვს.

თაკო და რადიო „არდაიდარდო“..

ჩემი არდაიდარდო, ჩემი ტალღა ძალიან მიყვარს, მე ამ კომპანიაში სწორედ შენი დამსახურებით მოვხვდი გიგა, სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს პეკინზე და მახსოვს გითხარი, სამსახური მჭირდება მეთქი, შენ კი მითხარი, რომ იხსნებოდა ჭეშმარიტად ქართული ტალღა. გავიდა რამდენიმე კვირა და შენც დამირეკე და კასტინგზე მოვედი, ეს იყო 17 წლის წინ. იმ წამს შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მადლობა შენ, ჩვენს ჰოლდინგს და გიორგი მშვენიერაძეს.  

მიხარია, რომ ჩვენი ეროვნული ტალღა, „არდაიდარდო“ გახსნის დღიდან პირველ ადგილზე იმყოფება, დარწმუნებული ვარ, რომ სულ ასე იქნება, ეს მსმენელის დამსახურებაა და დიდი მადლობა ამისთვის. ცხოვრების მანძილზე რა დაბრკოლებაც არ უნდა შემხვდეს, ეს სამსახური, ეს ჩემი მეორე ოჯახი მუდმივად მხარში მიდგას და ხელს მიწყობს, გავიხარო ჩემი საქმიანობით.

თაკო მომღიმარი სახის მიღმა სევდაა, გვესაუბრე ამის შესახებ..

ბოლო პერიოდში, ჩემი შვილის პრობლემების გამო, ჩიხში შევედი და უბრალოდ იძულებული გავხდი, ამ თემაზე მესაუბრა, ჩემი მეგობრები კარგად მიცნობენ და მიხვდებიან, რომ რადგანაც ეს ნაბიჯი გადავდგი, მეტი გზა არ მქონდა და გამოუვალ სიტუაციაში ვიმყოფები. თამამად ამ თემაზე საუბარი ძალიან რთულია და მიჭირს. რატი დღენაკლულია, შესაბამისად ამ ყველაფერმა გარკვეული კვალი დატოვა. დაბადესბისთანავე რეანიმაციაში მოხვდა და მის გადასარჩენად ძლიერი პრეპარატების გაკეთება გახდა საჭირო, ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ ნეგატიურ შედეგს გამოიღებდა. იმისათვის, რომ ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს, დღეს მას გარკვეული თერაპიები სჭირდება, იმისათვის, რომ დაეწიოს თავის ასაკს მოტორიკის, ქცევისა და მეტყველების კუთხით, ეს კომპლექსური პრობლემაა. წლინახევრის როდესაც იყო, მისი ქცევა არ იყო ასაკთან შესაბამისი, ჩვენ წავედით თურქეთში, იქ დაგვინიშნეს მედიკამენტოზური მკურნალობა და გვითხრეს, რომ თერაპიები იყო საჭირო.

როდესაც გადაცემა ეთერში გავიდა, ადამიანებს პირიქით მე ვამშვიდებდი, მე საოცრად შემართებით ვარ და არასდროს დავეცემი, მე მჯერა და მწამს, რომ მე ამას შევძლებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურა დოიჯაშვილს, რომელიც ახლა ისრაელში მკურნალობს, მის მეუღლეს, ის შემეხმიანა, მინდა ზურას გამოჯანმრთელება ვუსურვო. დღევანდელ დროს, ხელოვანი ადამანისთვის ცხოვრება ძალიან რთული გახდა.

ძალიან უხერხული შეკითხვა მაქვს, სად არის ამ დროს რატის მამა?

მოდი როგორც ჟუღნალისტს ისე გიპასუხებ, ვინც სად არის, მინდა ყველას წარმატება, ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენ პრობლემები უფრო გვაძლიერებს.

ფიქრობ რომ ძლიერი ქალი ხარ?

კი ვფიქრობ რომ ძლიერი ქალი ვარ და მეამაყება ეს. ყველა ქალს სჭირდება ძლიერი  მამაკაცი გვერდით, რომელსაც დაეყრდნობა, მიყვარს როცა მამაკაცს აქვს იუმორის გრძნობა, არის თბილი და ყურადღებიანი.

რა ხდება შენს შემოქმედებაში, რა სიახლეებს სთავაზობ მსმენელს?

დიდი მადლობა ადამიანებს, ისინი მე მაძლიერებენ, კი ვიცოდი, რომ საზოგადოება ჩემდამი დადებითად იყო განწყობილი, თუმცა ასეთ სიყვარულს არ ველოდი. რაც შეეხება შემოქმდებით საქმიანობას, ჯერჯერობით არაფერია ახალი, თუმცა, აუცილებლად იქნება. მემღერება იმაზე, რომ მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ჩემ გვერდითაა, ვინც არ არის, იმათაც მადლობა.

რას ეტყოდი მარტოხელა დედებს?

მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ თავს მარტოდ არ ვგრძნობ, მე ბედნერი ვარ ჩემი შვილებით, საქმიანობით და იმ ადამიანებით, რომლებსაც ვუყვარვარ. ცხოვრება ხანმოკლეა და ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავცეთ სითბო.

ანგარიშის ნომერი ➡ GE53BG0000000336214175GEL