„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტად ისტორიაში პირველად, „საქართველოს წითელი ჯვრის” პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აირჩიეს. ის ევროპის რეგიონში გაერთიანებული 53 ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ნათია ლოლაძის კანდიდატურას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევართმვარის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას 192 ქვეყნის წარმომადგენლობამ დაუჭირა მხარი. ასეთი ფართო კონსენსუსი და ნდობა წლების განმავლობაში საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა.

ნათია ლოლაძემ განვლილ გზაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე „ფორტუნას “ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას ქართველი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, საქართველოს გამარჯვებაა.

„ეს საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი ქვეყნის სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდება და კიდევ უფრო მეტ როლსა და წვლილს შევიტანთ ასეთ დიდ ჰუმანიტარულ ქსელში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციაში 192 ქვეყანა შედის ანუ 192 ეროვნული საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის და ამ დიდი ქსელის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არის საქართველო. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, უდიდესი მიღწევა და გამოწვევა ამავდროულად“, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა.

ნათია ლოლაძის თქმით, ვიცე-პრეზიდენტობა შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.

„ფოკუსირებული ვიქნებით, განსაკუთრებით პატარა ეროვნულ საზოგადოებებზე გავაკეთოთ აქცენტი, რათა გავაძლიეროთ ინვესტიციების მოზიდვა და დროულად მივაწოდოთ საჭირო სერვისები ჩვენს მოსახლეობას. ზუსტად ეროვნული საზოგადოებების განვითარება იყო წითელი ჯვრის ფედერაციის ერთ-ერთი მიმართულება, რაზედაც ვიმუშავე მმართველ საბჭოში იყო და ამ პროცესს გავაგრძელებთ. მიხარია, რომ საქართველო მიიღებს ამაში მონაწილეობას“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება განვლილ გზას, ნათია ლოლაძის საქმიანობა საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებაში 2002 წელს, მოხალისეობით დაიწყო. 2008 წლის ომის შემდეგ, ნათიამ გადაწყვიტა, რომ მისი კარიერა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის საბოლოოდ დაეკავშირებინა. 2017 წელს კი ნათია ლოლაძის ხელმძღვანელობით საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 20-კაციანი მმართველი საბჭოს წევრი გახდა.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია დგას მოხალისეობაზე. მსოფლიოში დაახლოებით, 15 მილიონი მოხალისეა და ორგანიზაციის გაძლიერების კუთხით სწორედ მათი მეშვეობით კეთდება უდიდესი საქმე.

როდესაც, ერთხელ გაიცნობ იმ საქმიანობას, რასაც წითელი ჯვარი ეწევა საქართველოში თუ მსოფლიო მასშტაბით, შემდეგ ძალიან რთულია ამ სისტემიდან გამოსვლა.

მეც, 2002 წელს დავიწყე მოხალისედ. მოგვიანებით, დიდ ბრიტანეთში გავაკეთე წითელი ჯვრის საქველმოქმედო ღონისძიება. წითელი ჯვრის საქმიანობამ გამიჩინა სურვილი და მოტივაცია გამეგრძელებინა ეს საქმე და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული.

გზა, რომელსაც გავდივართ წითელი ჯვრის თანამშრომლებთან, მოხალისეებთან ერთად ეს არის ყოველდღიური მშენებლობა ეროვნული საზოგადოების, საქართველოს წითელი ჯვრის და 2017 წელს, მშენებლობა სხვადასხვა ეროვნული საზოგადოების უკვე როგორც ბორდის წევრი და განვითარების ისეთი გეგმა, სტრატეგია შევიმუშავეთ“,- განაცხადა მან.

ნათია ლოლაძემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რის წინაშეც მსოფლიო ჯერ პანდემიის, შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე დადგა და ამ მიმართულებით „საქართველოს წითელი ჯვრის“ საქმიანობაც შეაფასა.

„ვმუშაობთ სტრატეგიის მიხედვით. ერთ-ერთი მიმართულებაა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ეროვნულ საზოგადოებებთან, მათი პრობლემების მოსმენა და დახმარება, რათა აღნიშნული პრობლემები გადაწყდეს.

ცხადია, რეგიონში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის თემა და ერთ-ერთი მიმართულება იქნება, თუ როგორ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარება. ეს სამოქმედო გეგმა არ არის ერთდღიანი, ამიტომ ჩვენ ეტაპობრივად გვაქვს დაყოფილი თუ რა დონის დახმარება არის პირველ რიგში საჭირო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის, არამედ ბორდთან და მმართველ საბჭოსთან ერთად, მივიღოთ ერთობლივად გადაწყვეტილებები, როგორ ვეხმარებით კოლექტიურად უკრაინაში და ზოგადად, ამ კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს“,- განაცხადა ნათია ლოლაძემ „ფორტუნას “ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები