LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა – იუსტიციის მინისტრი

84
1

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – “ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

უწყების ცნობით, საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე პირის საჩივარს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა ქართულმა მხარემ მათი უფლებები დაარღვია:

“სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

ევროპულმა სასამართლომ საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონში აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ ძალიან დიდ წარმატებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

პოპულარულები