სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს საპატიმროში 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა.
ამის შესახებ გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიყვანეს ე.წ საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა აღნიშნული ტელეფონისათვის. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი მათ შორის იყო საკმაოდ დაძაბული და ძირითადად აღნიშნული საუბარი შეეხებოდა მუქარებს – იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც იოსებ გოგაშვილს, ასევე მის ოჯახს, ახლობლებს და ა.შ.
იოსებ გოგაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა იგივე წესით მეორე დღესაც. მეორე დღეს მოთხოვნა იყო გაჩუმებულიყო იოსებ გოგაშვილი, მისი ოჯახის წევრები და პირველი მოთხოვნა იყო, რომ იოსებ გოგაშვილის მანამდე გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მიეწოდებინა მათთვის სასურველი ინფორმაცია. რადგან აუცილებელი იყო არამარტო იოსებ გოგაშვილის, არამედ მისი ოჯახის წევრების გაჩუმებაც, დაჰპირდნენ იოსებ გოგაშვილს, რომ მასთან მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეიყვანდნენ ოჯახის წევრებს, რათა დალაპარაკებოდა იოსებ გოგაშვილი გაჩუმების თაობაზე. იოსებ გოგაშვილთან ორჯერ მოხდა ოჯახის წევრების შეხვედრა და დალაპარაკება ეს იმ პირობებში, როცა იოსებ გოგაშვილთან მიმართებაში ოფიციალურად დადგენილებაა გამოტანილი, რომ აკრძალული ჰქონდა ოჯახის წევრებთან და ნებისმიერ პირთან, ადვოკატების გარდა პაემანი და სატელეფონო კომუნიკაცია. დღეს ცნობილი არის, თუ რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და ასევე, რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი პასუხობდა შს მინისტრს“, – განაცხადა ადვოკატმა.