ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას თავად მიაწოდა ინფორმაცია და ხმამაღლა განუცხადა, რომ წყალტუბოში ყველაფერს იყიდდა. ყველაფერში იგულისხმებოდა 22 სასტუმრო, რომელთაგან 15 არის სახელმწიფო ბალანსზე, ხოლო 7 კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია. ხელს რომ ვერავინ ვერ შეუშლის, ეს ისედაც ყველამ იცის, უბრალოდ ზოგჯერ ოპოზიცია კრიტიკულ შეფასებას დადებს ან რომელიმე ექსპერტი გაურკვეველი წინადადებით ახსნის ან უკმაყოფილო მოსახლეობა ცოტა ხნით აქციას გამართავს. „დაკმაყოფილებული“ მოქალაქეები მალევე გაჩუმდებიან და ასე ჩაეყრება კიდევ ერთ გრანდიოზულ პროექტს საფუძველი. უფრო სწორედ უკვე ჩაეყარა.
მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველაფერი – ბიძინა ივანიშვილის მადა და გეგმები იზრდება
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების სია და მისი ვიდეოვარიანტიც რამდენიმე კვირის წინ მისივე საკუთარ გვერდზე დაიდო, მაგრამ დღეს მან გამოცემა Entrepreneur Georgia-თან უფრო ვრცლად და კონკრეტულად ისაუბრა.
„წყალტუბოს პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა. შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება. როგორც უკვე განვაცხადე, აბასთუმანში მხოლოდ ერთ სასტუმროს – „პარაგრაფს“ ვაშენებ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც ვეხმარები დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში“ – ამბობს ივანიშვილი.
პარტიის ლიდერს დაპირებების გაცემა ხშირად უყვარს და არც ახლა გამორჩენია. მისი განმარტებით, 1 წელი სავარაუდოდ გაგრძელდება მშენებლობის ეს ბუმი. ამასობაში, ინფრასტრუქტურაც სრულად მოწესრიგდება.
„მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი, ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი 2021 წელს დასრულდება.“
„ტურიზმის ცალკე გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის“ – ბიძინა ივანიშვილის „ანბანური ჭეშმარიტება“
მისივე განმარტებით, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ სამ წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს. მალევე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი.
მას იმედი აქვს, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული.
ივანიშვილის პასუხების მიხედვით, წყალტუბოში მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და სამ წელიწადში შეიძლება სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.
„რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს.“
“კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული ქველმოქმედება პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა” – ბიძინა ივანიშვილი
„ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია – როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა შეღავათებით ისარგებლო. ის, რაც სხვა ბიზნესმენისთვის ნორმალური იქნებოდა, ჩვენს შემთხვევაში დაუშვებლად მივიჩნიეთ – ფული ბიუჯეტში შევიდა და სახალხო საქმეს მოხმარდება“, – აღნიშნავს სტატიაში ივანიშვილი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ „რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში!“ – პროექტის გარანტად ივანიშვილის საკუთარ თავს ასახელებს.