ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს იდეები და პროექტები საქართველოში და ქართულ მიწაზე მოგებაზე რომ არის გათვლილი და სარგებელი მხოლოდ მისი უნდა იყოს, ეს ქართველმა ხალხმა 2012 წლიდან ნელ-ნელა, დოზირებულად, ხან მტკივნეულად და ხანაც უმტკივნეულოდ მივიღეთ.
გამოცემა Entrepreneur Georgia გამოაქვეყნა ვრცელი და მსუყე ინტერვიუ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან სახელწოდებით – „სოციალური ანტრეპრენერის ფენომენი: ბიძინა ივანიშვილის პროექტების სოციალური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის მომავალ განვითარებაზე – ახალი შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის“.
“კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული ქველმოქმედება პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა” – ბიძინა ივანიშვილი
სტატიაში, როგორც შეკითხვებია უსასრულო და ერთდროულად კითხვა-პასუხიც, ივანიშვილის პასუხებიც ხომ არ ჩამორჩებოდა?! ვრცელი მონაყოლიდან ყველაზე მეტი ადგილი ტურიზმს და მის ახალ ბიზნესგეგმას ეხება, რომელიც როგორც თავად ამბობს, ქვეყნისთვის და ხალხის საკეთილდღეოდ გათვლილი ინვესტიცია იქნება.
„ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი – მოგებაა. მოგეხსენებათ, „თანაინვესტირების ფონდს“, რომელსაც სრულად ჩვენი ოჯახი აფინანსებს, ეფექტური მენეჯმენტი მართავს და ეს ფონდი, თავისი კუთხით, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ეწევა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, რაზეც აქ დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ მას, ძირითადად, სხვა სპეციფიკა აქვს და ბიზნესის უნივერსალური კრიტერიუმებით დასაბუთებულ პროექტებს ეხმარება.
„ტურიზმის ფონდის“ პროექტები კი სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა „თანაინვესტრების ფონდის“ მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ. სხვათა შორის, ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ივანიშვილის არითმეტიკული გათვლებით, ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გაცდა. შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არასრული სია: ძირითადად პარკები და ბაღები (ვიდეო)
„ჩვენს საკუთარ სახსრებს რომ არ ვხარჯავდეთ და სხვის ფულს ვმართავდეთ, დიდ შარში გავეხვეოდითო“ – ასე ხუმრობენ ივანიშვილები შინ, ოჯახში.
„ჩვენი ინვესტიციები ამ მიმართულებით გათვლილია ტურიზმის სფეროში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად რეგიონის განვითარებისთვის და არა ორდინარული ბიზნეს ამოცანის – სწრაფი და, შეძლებისდაგვარად, დიდი მოგების მისაღწევად, რაც ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენს ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ფართო ჭრილში დაინახოს გარკვეული პრობლემები და აქვს სურვილი, დაეხმაროს ქვეყანას მათ გადაჭრაში, თავს უფლებას ვაძლევთ ამოცანები ამ ჭრილში დავინახოთ და დავგეგმოთ“ – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.