ვაქცინაციის მსურველი 75 ათასი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უკვე დარეგისტრირებულია, – ამბობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის ვიცე – სპიკერი დავით სერგეენკო „ფორტუნასთან“ საუბარში.
ვაქცინაციის დაბალ აქტივობასთან გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, სერგეენკო ამბობს, რომ ვიდრე ადამიანი ამის შესახებ გააკეთებს განცხადებას, საქმეში ჩახედული უნდა იყოს.
„საქართველოში 2 პორტალია, სადაც ექიმებს დარეგისტრირება შეუძლიათ. ერთ პორტალზე 75 ათასი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია უკვე დარეგისტრირებული. მეორე პარასკევს გაიხსნა, ანუ ოთხი დღის გახსნილია პორტალი და აქედან 2 დღე დასვენების დღე იყო. ამ პორტალზეც აქტივობა მზარდია.
ვაქცინაცია გახდა არამარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, არამედ პოლიტიკური საჯილდაო თემა. ყველა ვინც კი შეეხება ვაქცინაციას სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, პოლიტიკური თუ კარიერული გეგმების მქონე უნდა გაერკვეს საქმეში და ამის ერთადერთი საშუალება არის დარგის პროფესიონალებთან კომუნიკაცია და არა გაგონილის გამეორება“, – ამბობს სერგეენკო.
კითხვაზე, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ შეძენით, სერგეენკო პასუხობს:
„მე რომ საკუთარ ნათქვამს არ შევეწინააღმდეგო, რაც ნიშნავს, რომ დარგის სპეციალისტებთან უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია, არ ვარ ეპიდემიოლოგი, ვარ ანესთეზიოლოგ – რეანემატოლოგი, ამიტომ გეტყვით მხოლოდ ციფრებს, რაც ძალიან ბევრის მეტყველია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეის მდგომარეობით მსოფლიოში აცრილია 20 მილიონზე მეტი ადამიანი და 20 მილიონ შემთხვევაზე მიდის მონიტორინგი.
20 მილიონიდან 11 მილიონი ადამიანი აცრილია დიდ ბრიტანეთში. კომპანია არის ბრიტანურ-შვედური და ბუნებრივია, რომ თავის მოსახლეობას ცრის. გართულება იყო მხოლოდ სამი შემთხვევა და ევროპული ასოციაცია ადასტურებს, რომ ეს კავშირში არ იყო ვაქცინაციასთან.
დღეის მდგომარეობით 50 ქვეყანა აგრძელებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას, რვა ქვეყანამ 2 კვირით შეაჩერა, რომ ვაქცინაციისა და გართულებების სავარაუდო კავშირი შეისწავლოს“, – ამბობს სერგეენკო.
სერგეენკოს თქმით, ვაქცინაციის დაწყებით ქვეყანამ სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.
„15 მარტს ვაქცინაციის პროცესის დაწყებით პანდემიასთან ბრძოლოს სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ესაა ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობამ ბოლო 200 წლის განმავლობაში შექმნა ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის. ესაა გამოცდილი და ეფექტიანი ტექნოლოგია.
პანდემიიდან გამომდინარე ვაქცინაციამ შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური ელფერ. ვაქცინა პოლიტიკური ინტერსის საგანი გახდა და ეს მარტო საქართველოში არ ხდება.
ვაქცინაცია გახდა ყველაზე უფრო სკულპუოზური შესწავლისა და დაკვირვების საგანი მათ შორის საქართველოში“, – ამბობს სერგეენკო.
სერგეენკო ამბობს, რომ როგორც კი პროტოკოლით მისი რიგი დადგება, აუცილებლად აიცრება.
„ვაქცინის გაკეთებას ვაპირებ როგორც კი ჩემი რიგი მოვა. თითქმის 10 წელია მოქმედი ექიმი არ ვარ. საქართველოში მოქმედი პროტოკოლი კი მოიაზრებს მხოლოდ მოქმედი სამედიცინო მუშაკების აცრას. მე რომ ვიყო მოქმედი ექიმი, რა თქმა უნდა, გავიკეთებდი ვაქცინას“, – ამბობს სერგეენკო.
შეგახსენებთ, 13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა. 15 მარტიდან საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო.
ამავე თემაზე სტატია იხილეთ: