“მივიჩნევთ, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს,” – შესაბამის მიმართვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს და მოუწოდებს პარლამენტს – არ დაუჭიროს მხარი დაგეგმილ ცვლილებებს.
როგორც საია-ში განმარტავენ:
❗ სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია;
❗ ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
“26 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება. მათგან ერთი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებში შესატან ცვლილებებს.
კანონპროექტის თანახმად, საგრძნობლად მკაცრდება სანქცია ორივე მითითებულ მუხლზე, ამასთან, შემცირებულია მოსამართლის როლი – საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა.” – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კანონპროექტის განხილვის პროცედურა ხარვეზიანია:
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში კი გაუგებარია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა ართულებს ან შეუძლებელს ხდის საზოგადოების ჩართულობას.” – აცხადებენ საიაში.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში მეორე კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებების შეტანას, საია-ში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტში გაიწეროს – როდესაც ამოიწურება პირის დაკავების საფუძველი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება:
“მეორე კანონპროექტით დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს. შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, მართალია, ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა, კანონპროექტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, რომლის მიხედვითაც 24 საათიანი დაკავების ვადა სრულიად საკმარისია პირის სასამართლოში წარსადგენად მიუხედავად იმისა, თუ რა დროს მოხდა მისი დაკავება. ამასთან, მნიშვნელოვანია კანონპროექტში გაიწეროს, რომ როდესაც ამოიწურება პირის დაკავების საფუძველი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.” – ვკითხულობთ გავრცელებულ მიმართვაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ კანონპროექტში აღნიშნული ჩანაწერის არსებობა დააზღვევს კანონის ბოროტად გამოყენების ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირის იზოლატორში დაკავება მოხდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება დაკავების საფუძველი იმ მოტივით, რომ ჯერ კიდევ არა არის ამოწურული დაკავების ვადა.