LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, მოგვიწევს ტაილანდს დავემსგავსოთ..“ – რა განმუხტავს საცობებს თბილისში

378
მევლუდ-მელაძე

თბილისში საცობები უკვე არავის უკვირს, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება. ბოლო რამდენიმე დღეა, მოქალაქეები სამსახურიდან სახლში მისვლას რამდენიმე საათს ანდომებენ.

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც დედაქალაქში შექმნილ პრობლემაზე სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად საუბრობს. გუშინ, 20 დეკემბერს მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განათავსა ვიდეო, რომელშიც მერიას გამოსავლის მოძებნაში დახმარება უფასოდ შესთავაზა. 

ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ, არანაირი ანაზღაურება არ მინდა, უბრალოდ ქალაქის ქუჩების დაგეგმვაში ჩამრთეთ – მევლუდ მელაძე დედაქალაქის საცობიდან მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

აღნიშნულ პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. დედაქალაქში საცობებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე უკმაყოფილება კომენტარებში დააფიქსირეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა.

„ალტერნატიული ტრანსპორტის დამატებაა საჭირო. სწრაფი მატარებლები გარს უნდა ერტყმოდნენ ქალაქს და სწრაფად აკავშირებდნენ გარეუბნებს ერთმანეთთან. მაგალითად, დიდი-დიღომი-გლდანი. ან გლდანი – ვარკეთილი. ასე განიტვირთებოდა ცენტრი ზედმეტი მანქანებისგან. სამანქანო გზებიც უნდა დაემატოს, რომ გარეუბნები ერთმანეთთან სწრაფად დაკავშირდეს. განტვირთვა სჭირდება ცენტრს. ქალაქი დაგეგმილი იყო 50-60 წლის წინ მაქსიმუმ მილიონ ადამიანზე, გაორმაგდა მოსახლეობა და დაგეგმარება იგივე დარჩა“

„მარტივად შეიძლება ბევრი მონაკვეთის მოგვარება, თუნდაც რაც არაერთხელ აღნიშნე ლაგუნა ვერეს ტერიტორია, ვგულისხმობ პატარა პანდუსებს… აქვე კიდე ერთი კარგი პროექტის გაკეთება შეიძლება, რაც არამარტო ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობას არამედ ერთგვარი სავიზიტო ბარათი შეიძლება გახდეს ქალაქის, ვგულისხმობ მდინარე მტკვრის გამოყენებას, მარტივად შეიძლება შეიქმნას წყლის ტრანსპორტი, თუ დავაკვირდებით როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპიროზე უამრავი ჩასასვლელებია, რაც ლოგიკურად გაჩერებები იქნება“.

„მელიქიშვილის და კეკელიძის კვეთაზე ავტობუსების შუქნიშანი ძალიან დიდ საცობს ქმნიან მთლიანად კეტავენ გზას“, – წერენ მოქალაქეები.

მერიის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავების ფონზე, რატომ იზრდება საცობში დგომის დრო და შესაბამისად, მოქალაქეთა უკმაყოფილება, დედაქალაქის მერიას შემდეგი პასუხი აქვს:

„მოგეხსენებათ, მანქანების რაოდენობა იზრდება წლიდან წლამდე და ამასთან მობილობაც იზრდება. ორივე ერთად კი, პრობლემას ქმნის ავტომობილით გადაადგილების კუთხით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების შექმნა, რომ ერთდროულად ბევრი ადამიანი გაატაროს ამ დერეფნებმა.“- განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია შეიცვალოს?

 

„ფორტუნასთან“ ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ ჩვენი დედაქალაქი არ იძლევა იმის საშუალებას, კერძო ავტომობილზე ბოლომდე უარი ვთქვათ. 

„რაც უფრო წინ მივდივართ, უფრო მეტად ვიჭედებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გახდა ისეთი, რომ იმდენი ნაკადი მიიღოს, რამდენიც საჭიროა. მანქანიდან ყველა რომ გადმოვიდეს, ტრანსპორტმა ნაკადი ხომ უნდა მიიღოს, ფაქტია, რომ იქაც საცობებია.

ჩვენი ქალაქის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კერძო ავტომობილი არ გამოვიყენოთ. გვინდა, თუ არ გვინდა, ყველგან ვერც ავტომობილი მივა. მიზეზი მარტივია, ქალაქში ძალიან ბევრი აღმართ-დაღმართი გვაქვს.  კომფორტული არაა, რომელიმე აღმართამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა და მერე გზის ფეხით გაგრძელება.  ადამიანებს ურჩევიათ,  თუ საშუალება აქვთ, ავტომობილით მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე.

ევროპელი ბინას სამსახურთან ახლოს ქირაობს. ჩვენთან ბინას ქირაობენ იქ, სადაც უფრო იაფია და მერე რამდენიმე ტრანსპორტს იცვლიან, რომ სამსახურში მივიდნენ. ვერც ის მეთოდი განხორციელდება ჩვენთან, როგორიც გერმანელებს აქვთ, როცა რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს გაუვლის და სამსახურში ერთად მიდიან. ეს მეთოდი ჩვენთან ვერ დაინერგება, ვინმეს რომ გზად გაუვლი, საცობში ხვდები“. – ამბობს „ფორტუნასთან“ მელაძე.

 

რა არის გამოსავალი?

 

მევლუდ მელაძე რამდენიმე გამოსავალს ასახელებს, რომლის განხორციელებაც დედაქალაქში საცობების განტვირთვის საფუძველი გახდება.

„გვინდა თუ არ გვინდა, ქუჩები უნდა მოვაწყოთ ისე, როგორმე კერძო ავტომობილისთვისაც მოქნილი იყოს.

  • საცობის გამომწვევი მიზეზია ის, რომ არ გვაქვს საპარკინგე სივრცეები.

გამოსავალი მარტივია – საპარკინგე სივრცეები უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით ისეთ უბნებში, სადაც ქუჩები გადატვირთულია.

  • დიდი უბნები ერთმანეთთან არასწორადაა დაკავშირებული.

ვაჟა-ფშაველადან საბურთალოზე თუ გინდა გადასვლა, დიდი პრობლემაა. უბანი უბანთან დაკავშირებული უნდა იყოს შუქნიშნების გარეშე და ასეთ მონაკვეთებზე ორზოლიანი ქუჩები უნდა იყოს. ამ შემთხვევაში  შუქნიშნების დადგმით უფრო მეტი პრობლემა იქმნება.

თუ მეტყვით, რომ შუქნიშანი აუცილებელია ფეხით მოსიარულეებისთვის, ვერ დაგეთანხმებით. ერთად ჩამოვიაროთ უბნები და მითხარით, ფეხით მოსიარულეებზე, რომლებია მორგებული. თუ ფეხით მოსიარულეებზე ვაწყობთ ქალაქს, შშმ პირებზე უნდა ვიფიქროთ. რომელი ქუჩაა ისეთი, რომელიც მათ ემსახურება? .. ბევრი აცდენაა. ვამბობთ ერთს და ვაკეთებთ მეორეს. რეალურად ერთს ვაკეთებთ და მეორეს ვაფუჭებთ, შესაბამისად მივედით იმ კატასტროფამდე, სადაც ახლა ვართ“, – აცხადებს მელაძე „ფორტუნასთან“.

მევლუდ მელაძის განმარტებით, აუცილებელია ადამიანების ჯგუფის შექმნა, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ქუჩის პრობლემებს და გადაწყვეტილებებს ისე მიიღებენ.

„ღამის 4 საათზე ახლად გარემონტებულ ქეთევან დედოფლის გამზირზე რომ გაიაროთ, (ექსპერიმენტი პირადად მე ჩავატარე) ყველა შუქნიშანზე წითელი გხვდება. ასე რატომ უნდა ხდებოდეს? ჭკვიანი შუქნიშნები რისთვის შევიძინეთ?

 

 

ქუჩების დაგეგმარებას სჭირდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს მენეჯმენტს გაუწევს. შეიძლება, კომპიუტერში შეიტანო მონაცემები, რომელიც გეტყვის, რომ ყველაფერი აწყობილია, მაგრამ კომპიუტერი არაა ქართულ მენტალობაზე მორგებული.

ნებისმიერ უბანში რომ გაჩერდეთ, გეტყვიან რა პრობლემაა. ადამიანების ჯგუფი უნდა დადიოდეს უბნებში, ესაუბრებოდეს ხალხს. მათი მითითებით უნდა მოეწყოს უბნები და არა ისე, როგორც კაბინეტში კომპიუტერი აჩვენებს.

ამასთან, აუცილებელია ესტაკადები, რაც გაკეთდა იპოდრომთან. ფაქტია, რომ ამ ადგილას საცობი იყო და ახლა აღარ არის. ამიტომ სადაც შანსია, უნდა გაკეთდეს. ლილოს ბაზრობიდან რომ მოდიხარ, სულ საცობია. მიზეზი ისაა, რომ ადრე ერთი შუქნიშანი იყო და კიდევ ერთი დაემატა. კახეთიდან და ლილოდან მომავალ საცობში შეიძლება, საათ-ნახევარი იდგეთ.

აქ ისეთი ადგილია, სადაც ესტაკადის გაკეთება ძალიან მარტივია. შუქნიშანზე გაცილებით იაფი დაჯდება და ფეხით მოსიარულეც თავისუფლად გაივლის და საცობიც აღარ იქნება.

 

 

მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საცობის პრობლემის რეალური მიზეზი მხოლოდ ავტომობილების რაოდენობის მატება არ არის.

„მანქანების რაოდენობა იმატებს, მაგრამ გზები იგივე არ რჩება. გზებს ავიწროებენ და ავიწროებენ, რაც არასწორია.

მაგალითად, თავისუფლების მოედანზე „ბასლაინები” გააკეთეს, რამაც აბსოლუტურად პარალიზებული გახადა მოედანი.

დიღომში, სადაც „ბასლაინი“ გაკეთდა, ღამის სამ საათზეც საცობია. ახლა ავტობუსის მოძრაობა არ ფერხდება, მაგრამ 15 წუთში ერთხელ მოდის და დანარჩენი სამყარო კი ამ დროს შეფერხებულია. ავტობუსი რაღაც მონაკვეთს უპრობლემოდ გადის, მაგრამ წინ ისევ საცობი ხვდება. „ავტობუსის კვანძები“ ერთმანეთზე უნდა იყოს გადაბმული.

იმის თქმა, რომ 30 წლის მერე რაიმე კარგ შედეგამდე მივალთ, არასწორია. 30 წლის მერე შეიძლება, არც მე ვიყო და არც ბევრი სხვა. კაცმა არ იცის, იმ დროისთვის რა ტექნოლოგიები იქნება. შედეგები უფრო მალე გვინდა, ერთი და ორი წლის, მაქსიმუმ ხუთი წლის დიაპაზონში.“ – ამბობს მელაძე „ფორტუნასთან“.

მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ შეიძლება საცობების პრობლემა ისე გაიზარდოს, რომ ტაილანდს დავემსგავსოთ და ყველა სკუტერზე გადაჯდეს. 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ძალიან ხშირად ვსარგებლობ, „სქროლითაც“ ხშირად დავდივარ და სკუტერითაც. ველოსიპედით არ დავდივარ, ეს ქალაქი ველოსიპედისთვის არაა განკუთვნილი. იმდენი აღმართ-დაღმართია, რომ ზაფხულში დაგცხებათ და ზამთარში შეგცივდებათ. ველოსიპედი კარგია ჰოლანდიაში, სადაც ტემპერატურაც კარგია და აღმართები არაა.

ველოსიპედი კარგია, სამტრედიაში, ლაგოდეხში, მაგრამ არა თბილისში. ჩვენთან „სქროლით“ სიარულიც კი ძალიან რთულია.

თბილისში ყველაზე კარგი ტრანსპორტი სკუტერია. ხშირად ვმოძრაობ სკუტერით, როგორც კი ამინდი ხელს მიწყობს, თუმცა არ მინდა, საბოლოო ჯამში ტაილანდს დავემსგავსოთ, მაგრამ ალბათ მოგვიწევს“,  – ამბობს მელაძე.

რაც შეეხება მევლუდ მელაძის მიერ მერიის მისამართით გაჟღერებულ ინიციატივას, სადაც უწყებას დედაქალაქის დაგეგმარებაში დახმარებას უფასოდ სთავაზობს, ავტომრბოლელი ამბობს, რომ „მერიიდან არავინ გამოხმაურებია“.

„მიუხედავად იმისა, რომ დავწერე, ნიშნის მოგებით არ ვამბობ-მეთქი.. მართლა არ ვამბობ ნიშნის მოგებით, ამ ქალაქში ვცხოვრობ და არ მინდა საცობში საათობით ყოფნა და ფაქტობრივად, საცობში ცხოვრება“. – ამბობს მელაძე „ფორტუნასთან“.

ამავე თემაზე:

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

მევლუდ მელაძე: საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი არის ესტაკადების მშენებლობა

ვიდეო: მევლუდ მელაძე კალაძეს: გთხოვ, შეცვალე ყველა ის ხალხი ვინც დედაქალაქის გზებს აპროექტებს, თორემ ჩიხში შეგიყვანენ შენც და ყველა ჩვენთაგანს.. გზაჯვარედინი, რომელიც ფილარმონიასთან კეთდება, სრული კატასტროფა იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები