სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დრომდე, სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი არ ეთანხმება.
როგორც ეკატერინე ხუციშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, განათლების სამინისტრო პროტოკოლის შემუშავებაზე ინფიცირების შემთხვევის გამოვლენის პირველივე დღიდან მუშაობდა და არაერთი ნორმატიული აქტი შეიმუშავა.
დღევანდელი დღე იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ სკოლებმა: ეკატერინე ხუციშვილი
როგორ ჩაიარა პირველმა დღემ და რა რეკომენდაციის გათვალისწინება უწევთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას?
“ამგვარ შეფასებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. იმ დროიდან მოყოლებული, რაც სკოლები გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე, განათლების სამინისტრომ საერთო პროტოკოლზე მუშაობა დაიწყო. ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე. მოგვარდა და მოწესრიგდა დისტანციური სწავლების პროცესი. შემუშავდა ნორმატიული აქტი, რომელიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და უკან დაბრუნების წინაპირობებს მოაწესრიგებდა.
განათლების სამინისტრო მაქსიმალურად იყო მობილიზებული რომ სკოლები დამატებითი ფინანსური ანაზღაურებით უზრუნველყო, იმისთვის რომ მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო ჰქონოდათ სკოლაში დაბრუნების დროს. ამიტომ, ეს შეფასება ნამდვილად მიუღებელია, როგორც ერთი ადამიანისთვის, ასევე იმ უწყების თანამშრომლისთვის, რომელმაც უზარმაზარი შრომა გაწია ამ მიმართულებით”. – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.