LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კოშაძისა და ავთო გვასალიას ტელეწყვილი ეკრანს დაუბრუნდა

3704
anadaavtonews

ანა კოშაძე და ავთო გვასალია უკვე მეორე სეზონია, „რუსთავი 2“’-ს დილის შოუს „დილა მშვიდობისა, საქართველო“ ერთად უძღვებიან. ტელეწყვილი ამბობს, რომ სტრესის მიუხედავად, რაც დილას ადრე ადგომასა და პირდაპირი ეთერის ნერვიულობას უკავშირდება, ეს მაინც ძალიან სასიამოვნო საქმეა, რადგან მაყურებლისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს, ასევე დაინტერესებას გრძნობენ.

„დილა მშვიდობისა, საქართველომ“ სექტემბრიდან მე-19 სეზონი გახსნა. ანასა და ავთოს სწორედ სიახლეებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ ტელევიზიაში.

ანა:

ახალ სეზონს არაჩვეულებრივი განწყობით შევხვდით. გვაქვს ახალი სტუდია. დაგვემატნენ ახალი წამყვანები, სამშაბათს კულინარიულ ბლოკს ლიკა კვარაცხელია და თემო ქაქუჩაია გაუძღვებიან. დღეს ჩვენი წამყვანობის დღე არ იყო, მაგრამ დილიდან მოვედით მხარდაჭერის მიზნით და ისეთი გემრიელი რაღაცები მოამზადეს. ასევე შედგა ჩვენი ახალი სპორტის წამყვანის, ლაშა რამაზაშვილის დებიუტიც.

ავთო:

ახალი რუბრიკებიც გვაქვს. „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას ეს ტრადიცია სულ ჰქონდა, რომ ახალ სეზონზე ახალ რუბრიკებს სთავაზობდა მაყურებელს. რადგან საარჩევნო პერიოდია, გადავწყვიტეთ, რომ მაყურებლებს პოლიტიკოსები ოჯახურ გარემოში ვაჩვენოთ. ამ ზაფხულს, როცა დასასვენებლად ვიყავი, რეგიონებში მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება ვიგრძენი. ჩვენ რეგიონების თემებს კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებთ, რაც წინა სეზონზეც გვქონდა. სოციალური თემატიკა მეტად წამოიწევს ჩვენს გადაცემაში…

ანა, მახსოვს, ერთხელ ვიდეო გამოაქვეყნე, რომელიც ძალიან სახალისო აღმოჩნდა…

ანა:

(იცინის) ზოგჯერ მეშლება ხოლმე რაღაცები, მაგრამ მაყურებელი ხალისობს და იცინის ჩვენთან ერთად.

ავთო:

ანა ამასაც კი იხდენს.

ანა:

დილას ცოტა რთულია გადაცემის წაყვანა. ზოგჯერ შეიძლება, სიტყვა შეგეშალოს. პირის აპარატსაც სძინავს, სხვა რაღაცას ფიქრობ და სხცა რამეს ამბობ. ერთხელ ანუკა ქინქლაძის ნაცვლად გამოვაცხადე ანუკა ფრანგიშვილი, ეს ჩვენი სპორტის წამყვანის გვარია. რა თქმა უნდა, ამას სიცილი მოჰყვა ეთერში. ერთხელ მაყურებელს წარმატებები „დავუსრულე“.

როგორც წყვილი, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?

ავთო:

პირდაპირი ეთერია და ყველაფერი ხდება. სხვათა შორის, თავიდან, როცა ანა ჩვენი ახალი თანამშრომელი იყო, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემზე ადრე მოდიოდა სამსახურში. მანამდე სულ მე ვიყავი პირველი. ტექსტებსაც კი გამზადებულს მახვედრებდა.

ანა:

ეს თავიდან იყო ასე, მერე ცოტა მოვდუნდი, მაგრამ ისე მოსამზადებლად ზუსტად 15 წუთი მჭირდება. ყველაფერის წინა დღეს ვიმზადებ, რომ არ დამაგვიანდეს.

ავთო:

ყველა იმას მეკითხება, მიჭირს თუ არა ადრე გაღვიძება. მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობით დაიძინებ. მეც წინასწარ მაქვს გამზადებული და ზუსტად ვიცი, რას ვიცვამ მეორე დღეს, მაქსიმუმ 15 წუთი უნდა დამჭირდეს გასამზადებლად. 5 წუთსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ასე ჩქარობ.

ანა:

გადაცემის გუნდი სულ ერთი წელია, რაც შეიკრა, მე მათ ზამთარში შევუერთდი. მეორე დღიდანვე უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხანი ვმუშაობდი აქ. ძალიან კარგად მიმიღეს.

რაც შეეხება ჩემი და ავთოს წყვილს, მართლა გვესმის ერთმანეთის ფიქრების. არ გვჭირდება რამის თქმა, როცა გავხედავთ ერთმანეთს, უკვე ვიცით. ეს ურთიერთგაგება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, მაგრამ ეთერს მიღმაც ბევრს ვმუშაობთ.

ავთო:

მიუხედავად იმისა, რომ ანამ თქვა, ერთმანეთის ფიქრების გვესმისო, ვცდილობთ, წინასწარ გვქონდეს ყველაფერი გავლილი და განაწილებული. როცა სტუმარი მოდის და ერთი მთავარი თემა გვაქვს, აუცილებლად წინასწარ ვინაწილებთ.

რთულია ეს საქმე?

სასიამოვნოა. შეიძლება, ვიღაცას გაუჭირდეს და ნამდვილად არის შრომატევადი, ანიც დამეთანხმება. მე იმდენად მიყვარს ტელევიზია, რო აქ უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში. ზოგჯერ მართლა დასაძინებლად მივდივარ მხოლოდ. ახლაც ვიცი, რომ დღეს აქ მოვედი და საღამოს 11-მდე ვიქნები.

ანას ეს, ალბათ, არ გამოუვა, რადგან ოჯახი ჰყავს.

ანა:

მართალია, თანაც, ავთო „შუადღის“ გადაცემაშიც მუშაობს და უფრო მეტი დროის გატარება უწევს ტელევიზიაში, ვიდრე მე. ზოგადად, დრო აქ ისე გადის, რომ ვერ გრძნობ. ეს განსხვავებაა საოფისე სამსახურთან შედარებით. აქ შემოქმედებითი პროცესია და მეტ სიამოვნებას იღებ. რა თქმა უნდა, ძალიან მეზარება დილას ადრე გაღვიძება, მაგრამ მგონია, რომ დილის გადაცემას ცოტა სხვა მუხტი მოაქვს. უნდა იყო ენერგიული და პოზიტიური, რომ სხვებსაც შეუქმნა განწყობა. რასაკვირველია, გააჩნია თემებსაც და დღეებსაც, როცა ქვეყანაში მთლად პოზიტიური განწყობა არ არის, მაგრამ  ზოგადად, დილის გადაცემა პოზიტივზეა აწყობილი.

ავთო:

სურვილი მაქვს, დიდხანს მიმყავდეს ეს გადაცემა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და დილის გადაცემა. სხვა ქვეყნებში დილის გადაცემებს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს და ის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, საქართველოშიც ასე იყოს და უფრო მეტი მაყურებელი გვყავდეს. არა მხოლოდ ჩვენს დილის გადაცემას, არამედ ზოგადად.

რა შეგძინათ და დაგაკარგვინათ დილის გადაცემაში მუშაობამ?

დრო დამაკარგვინა, მეგობრებთან შეხვედრისთვის ერთი დღე მაქვს. შემძინა გამოცდილება, ამ ერთი წლის განმავლობაში, თანაც, ძალიან დიდი. ტელევიზია აქ მომუშავე ადამიანებს მთავარ რამეს აძლევს, დროის სწორად გამოყენებას ასწავლის. არ არსებობს, იყო ტელევიზიის თანამშრომელი და დროის სწორად განაწილება ვერ ისწავლო.

ანა:

დილის გადაცემა ძალიან დინამიკურია, ამიტომაც სულ ტონუსში ხარ. სულ მზად უნდა იყო, რომ შენს ეთერში სიახლეები მოხვდეს. ეს ძალიან კარგია. სხვანაირი ხდები. მუდმივად აქცევ ყურადღებას ინფორმაციას, რასაც აქამდე არ აკეთებდი.

დროის მენეჯმენტი კიდევ უფრო გავაუმჯობესე. არც აქამდე მიჭირდა და ყველაფერს ვასწრებდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე დრო. ასევე ვიტყვი, რომ სულ სხვაა პირდაპირ ეთერში მუშაობა.

ავთო:

პირდაპირი ეთერის დროს მაყურებელთან უშუალო კონტაქტს გრძნობ, რაც ჩანაწერს არ ახასიათებს. თავიდანვე მზად ხარ ამისთვის.

ანა:

ეს სტრესული სამსახურიცაა, მაგრამ ამ სტრესს ადვილად უმკლავდები, რადგან სანაცვლოდ ბევრ რამეს იღებ. ჩემი განტვირთვა არის ვარჯიში, რაც ჩემი ენერგიის წყაროა.

ავთო:

ამას როგორ ასწრებს, არ ვიცი. ანა, მეც მასწავლე…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g